საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ პარლამენტის ბიუროს მიმართა ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. „ჩვენი რეგლამენტი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას კომიტეტთან იმ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვანი საკითხი იხილება. „ევროპული საქართველოს“ წინადადებაა, რომ შეიქმნას ასეთი ჯგუფი და მასში შევიდნენ კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებიც“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატები დაასახელა კონკრეტული კრიტერიუმების და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ოთარ კახიძეს მოუწოდა, საკითხი დასვას არა ბიუროს, არამედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რასაც კახიძემ უპასუხა, რომ მოსამართლეთა დამტკიცება მთელი პარლამენტის საქმეა და ამიტომ, საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა. ოთარ კახიძის თქმიღ, პარლამენტმა ყველა სტანდარტი უნდა დაიცვას, რათა უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ დაინიშნონ ის პირები, რომლებიც არ შეეფერებიან ამ თანამდებობას. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს და ხვალ გადაწყდება, რა ფორმატით მოხდება საკითხის განხილვა.
24 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს არამოსამართლე წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა.