Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში ვიზალიბერალიზაციის შესრულებაზე


19 დეკემბერს ევროკომისიამ წარმოადგინა ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების შეფასების შესახებ უვიზო რეჟიმის მქონე დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მიერ. ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება გრძელდება, თუმცა რიგ ქვეყნებში მაინც დგას რამდენიმე კონკრეტულ სფეროში მოქმედების, ზოგ შემთხვევაში - გადაუდებელი, საჭიროება.

მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრომოპულოსმა განაცხადა: "უვიზო მიმოსვლა ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპიდან დიდი მიღწევაა, რომელსაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. მას აგრეთვე ახლავს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყანა კვლავაც ასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთ ქვეყანას მოვუწოდებთ სწრაფი და გაძლიერებული ძალისხმევისთვის გააგრძელონ არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ასევე კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ".

დღევანდელი ანგარიში 2017 წლის დეკემბერში კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას ამოწმებს და ბოლო წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ განხორციელებულ ზომებს აფასებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რვავე ქვეყანამ მიიღო ზომები არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა გასაუმჯობესებლად და მდგრადი შედეგების უზრუნველსაყოფად:

ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი უკრაინიდან, სერბეთიდან და ბოსნია-ჰერცეგოვინიდან კვლავ მაღალი რჩება, ხოლო მოლდავეთისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების რიცხვის გაზრდა შეშფოთების საფუძველს იძლევა;

ალბანეთმა ეფექტური ზომები მიიღო არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად, რომლის შედეგადაც 2018 წლის პირველ ნახევარში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რიცხვი 32% -ით შემცირდა. ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს;

საჭიროა მეტი მუშაობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობისთვის. სერბეთმა ირანს უვიზო რეჟიმი შეუწყვიტა, მაგრამ შემაშფოთებელი რჩება სხვა ქვეყნებისთვის სერბეთში უვიზო მიმოსვლა;

თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით შეუფერხებლად გრძელდება ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანასთან. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობები გაუმჯობესებისთვის, კერძოდ, მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რეადმისიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სერბეთში.

დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორებთან ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაეხმარება არალეგალური მიგრაციის საკითხის მოგვარებას. უკვე გაფორმდა პირველი შეთანხმება ალბანეთთან; სერბეთმა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ; და სრულდება პროცედურები ამ მიმართულებით მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები 8-ვე ქვეყნიდან აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივი ქმედებების ფართო სპექტრში ევროკავშირის მასშტაბით, რაც მოიცავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას, საკუთრების ხელყოფას, ფულის გათეთრებას, ადამიანებით ვაჭრობას, მიგრანტთა უკანონო გადაყვანას და კიბერდანაშაულს.

XS
SM
MD
LG