პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძარობიდან“ ნიკა მელიამ კრიმინალები უწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ენზელ მკოიანს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საუბრობს ქვეყანაში პროგრესზე და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას უწოდებს დემოკრატიული განვითარების მაგალითს მაშინ, როცა ამ პარტიის სინდისზეა არჩევნების პროცესში როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა. ნიკა მელიას თქმით, საუბარია ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე.
მელიამ დეპუტატი მკოიანი დაადანაშაულა საარჩევნო კამპანიის დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბის 4 წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ისიც დამნაშავეა, რადგან დამნაშავეებს მფარველობს. ნიკა მელიას განცხადებითვე, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ არჩევნების მასშტაბური გაყალბების ამსახველ ვიდეოკადრებს და დამნაშავეთა რიგებს შეემატება კიდევ ერთი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კახა ოქრიაშვილი.
ნიკა მელია შეურაცხყოფასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უღირსი დამარცხებული უწოდა. „ბატონო ნიკა, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება მარცხმა ასე დაგაკარგინოთ სახე. მარცხსაც სჭირდება ღირსეული შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული“ - მიმართა კობახიძემ მელიას.