14 დეკემბრიდან რუსთავის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვას იწყებს.პროკურატურა ზაზა სარალიძეს ედავება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით.
შემთხვევა მოხდა 26 ოქტომბერს, როდესაც ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთხელ სცადა კარვის გაშლა.რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ პროცესზე დაცვის მხარის არგუმენტებზე ისაუბრა: „პროკურატურა, საგამოძებო ორგანოები ზაზა სარალიძეს ედავებიან პოლიციელისთვის ლითონის საგნით მიყენებულ დაზიანებას, თუმცა ჩვენ შენელებული ეფექტით ვნახეთ ეს ვიდეო და ამას გარდა, არიან მოწმეებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლითონის ჯოხი პოლიციელის ქუდსაც კი არ შეხებია, არამცთუ დაზიანება. მერწმუნეთ, იმ სიძლიერით ჯოხი პოლიციელს რომ მოხვედროდა, ის სერიოზულ დაზიანებას მიიღებდა. იმისათვის, რომ იმ მუხლის კვალიფიკაცია იყოს, რომელსაც გამოძიება ედავება ზაზა სარალიძეს, მინიმუმ სამი კომპონენტი უნდა გვქონდეს სახეზე. ერთი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პოლიციელი, პოლიციელი უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივ მოვალეობას და ამასთანავე სამსახურებრივი მოვალეობა გულისხმობს კანონიერ სამსახურებრივ მოვალეობას“-აღნიშნავს ნესტან ლონდარიძე.
ნესტან ლონდარიძეს იმედი აქვს,სასამართლო დაასკვნის, რომ პოლიცია არ ასრულებდა სამსახურებრივ, მით უმეტეს კანონიერ უფლებამოსილებას, ვინაიდან იგი ხელს უშლიდა აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებაში და არ აძლევდა კარვის გაშლის საშუალებას.
„ერთი კარვის მოთხოვნის გამო დაზარალებული ბრალდებულად აქციეს,“- ამბობს ნესტან ლონდარიძე.