5 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის, „თანადგომის“ პროექტის ხელმძღვანელი, ვაჟა კასრელიშვილი. მან ისაუბრა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც სამოქალაქო სექტორთან ერთად დგას ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ამ საკითხებზე სამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საგანგებო კონფერენციაზეც. ვაჟა კასრელიშვილმა რადიო თავისუფლების გადაცემაში განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში „თანადგომა“ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს მომსახურებასა და სერვისებს სთავაზობს და ამ მიმართულებით განსაკუთრებით უნდა გამოიყოს 24 საათიანი, სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში მდებარეობს. „ამჟამად ცენტრს შეუძლია 10 ბენეფიციარის მიღება ერთდროულად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო კვლევებით დაახლოვებით 52 000 პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყავს, ეს რაოდენობა ძალიან მცირეა, თუმცა არის დღის ცენტრები.“-განაცხადა ვაჟა კასრელიშვილმა. მისი თქმით, დონორების დახმარებით იგეგმება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის საკითხებზე შეიქმნას კონცეფცია და მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, რომლებშიც დეტალურად გაიწერება რამდენი სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა არსებობდეს ქვეყანაში და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის,რათა არა მარტო ინფრასქტრუქტურა, პერსონალიც სათანადოდ პასუხობდეს მოთხოვნებს.