5 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიციური სპექტრისა და ხელისუფლების დიალოგი აუცილებელია ისეთ საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციულ მოდელზე გადასვლა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. „დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის უფრო მისაღები იქნებოდა შერეული სისტემიდან წმიდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. კი ბატონო, შესაძლოა არ გაიმართოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ პროპორციული სისტემა, ნაცვლად 2024 წლისა, დაინერგოს 2020 წლიდან. თუმცა ესეც არ არის ერთადერთი გამოსავალი“-ამბობს ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრითაც თუ საზოგადოება და მოსახლეობა მისცემს საშუალებას, ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ნიკა ჩიტაძის აზრით, საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნების და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის დეფიციტია . „ბევრი ადამიანი ხშირად თავის ვიწროპარტიულ ინტერესს,პიროვნულ ინტერესს საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა აყენებს და ეს არ უკავშირდება მხოლოდ 28 ოქტომბერს და 28 ნოემბერს. აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება „ - ამბობს პოლიტოლოგი.