Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მეტროს რვა სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგურების რეაბილიტაცია თბილისის მერიის პრიორიტეტად რჩება. მისი თქმით, უსაფრთხოება ყველაზე მთავარი ფაქტორია, რაც საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის თუ მშენებლობის დროს კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ.

კახა კალაძის განცხადებით, ის პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ვარკეთილის მეტროს სადგურის შეკეთების სამუშაოები, არაფრად ვარგა და ხელახლაა გასაკეთებელი. მერის განცხადებით, წლის ბოლოს, როგორც ვარკეთილის, ისე გურამიშვილის მეტროს შემთხვევაშიც, ეს პროცესი თავიდან დაიწყება.

დეკემბრის ბოლოს დასრულდება სამგორის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეტრო ავლაბრის რეაბილიტაცია კი 2019 წლის ბოლოსთვის მივა ფინიშთან. მომავალი წლიდან ასევე დაგეგმილია თბილისის მეტროს რვა სადგურის რეაბილიტაცია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ვარკეთილის მეტროში, 2018 წლის იანვარში, ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ამ სადგურის რეაბილიტაცია, დავით ნარმანიას მერობის დროს, 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. მერიას მაშინ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები 347 848 ლარი დაუჯდა.

XS
SM
MD
LG