Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ოქუაშვილი: დასაჭერია პირველ რიგში ივანიშვილი


“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, უარეყო ადრე მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, ის და მისი კომპანია სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის მსხვერპლი იყვნენ. ამასთან, მისი თქმით, მას უნდა ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება იყო ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი.

რამდენიმე კვირის წინ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო კომპანია „ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით შესაძლო რეკეტზე. იმავე პერიოდში „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ოქუაშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდთან დაახლოებული პირები მას ფულს სძალავდნენ “ომეგა ჯგუფის” სრულფასოვნად ამუშავების სანაცვლოდ.

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ განაახლა მუშაობა. 21 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ოქუაშვილმა თქვა , რომ „ქართული ოცნება“ წავიდა სხვა დათმობებზეც, რის სანაცვლოდაც მისგან ითხოვდნენ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წაეკითხა წინასწარ დაწერილი ტექსტი, რომელშიც უარყოფდა ადრე გაკეთებულ განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ და რომ ბიძინა ივანიშვილს მისგან ფული არ მოუთხოვია.

ოქუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან ეს არ გააკეთა, ხელისუფლებამ არ შეასრულა წინასწარ მიცემული პირობა „ომეგა ჯგუფის“ ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ.

„რუსთავი 2“-ის გადაცემაში მან თქვა, რომ არსებობს ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას დიდძალი თანხა მოსთხოვა.

„აუცილებლად პასუხი აქვს საგები ყველა იმ ფეოდალს ვინც ამ ფეოდალურ რეკეტში მონაწილეობს. დასაჭერია პირველ რიგში ივანიშვილი. მაგრამ ვინ უნდა დაიჭიროს გახარიამ? ყველამ უნდა აგოს პასუხი,“- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა გადაცემაში.

ოქუაშვილის მიერ რუსთავი2-ისთვის მიწოდებული ტექსტი, რომელიც 21 ნოემბერს, გადაცემა “კვირის აქცენტებში” წაიკითხა გადაცემის თანაწამყვანმა ეკა კვესიტაძემ:

ზაზა ოქუაშვილი: მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ნულიდან დავიწყე და ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ვკარგავდი. საბიუჯეტო დავალიანება, რასაკვირველია, არის და არასდროს მის გადახდაზე უარი არ მითქვამს, უბრალოდ ეს გამოწვეული იყო დემპინგით და ადგილობრივი წარმოების არასწორი პოლიტიკით. რას ვითხოვდი? ვალის რესტრუქტურიზაციას ვითხოვდი სახელმწიფოსგან რომ წარმოებას ემუშავა და ხალხი არ დარჩენილიყო ქუჩაში. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ხელისუფლების ასეთი ხისტი პოზიცია, იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ ადგილობრივ წარმოებას და დემპინგი გაეჩერებინათ, ულტიმატუმებით მელაპარაკებოდნენ. ფინანსთა მინისტრთან ვიჩხუბე კიდეც. შემოსავლების სამსახურიც მპირდებოდა, რომ აქციზურ მარკებს გასცემდა სახელმწიფო და წარმოება არ გაჩერდებოდა, მაგრამ მანაც ვერაფერი გააკეთა. ამ ვითარებაში სხვა გამოსავალი ვერ დავინახე და გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეცნო, რომ ქარხანას აკოტრებდა ხელისუფლება და ათასობით ადამიანი რჩებოდა უმუშევარი. მე დიდი პრესკონფერენციის მოწყობას ვაპირებდი და ცხადია რუსთავი 2-იც საქმის კურსში ჩავაყენეთ. ამ დროს დამიკავშირდნენ გვარამია და მერე სააკაშვილიც და თქვეს, რომ წუხდნენ ჩემს მდგომარეობაზე. მითხრეს, რომ ძველად შენთან მაგრად შეგვეშალაო და აგინებდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, მაგის ბრალი იყოო ყველაფერიო. მერე თქვეს, რომ კომპრომატები იყო საჭირო ხელისუფლებაზე და რამე ფაქტი მიმეცა, ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის დასაგეგმად, თუ როგორ გძალავდნენ ფულსო. მე ვუთხარი, ბიჭო, ვინ დაიჯერებს მილიარდერი კაცი ფულს რომ მძალავდათქო. ან ქრთამი რაში უნდა გადამეხადა? რა გამიკეთეს ცუდი მეტი, რომ ვინმესთვის რამე მიმეცა თქო?

ჟურნალისტი: გამოდის ივანიშვილს ფული თქვენთვის არ მოუთხოვია?

ზაზა ოქუაშვილი: რა საკვირველია, არ მოუთხოვია, და არც არავისზე არ ვაპირებ ხარკის გადახდას, ხოლო ეს შავი პიარის სცენარები ვისი ხელობაა, თვითონაც მიხვდებით.

ჟურნალისტი: აბა ყიფიანის ჩანაწერები რა იყო, ან თქვენი ინტერვიუ?

ზაზა ოქუაშვილი: ყიფიანი ცალკე თემაა და მაგ კაცთან მე ჩემი ანგარიშები მაქვს, და მაგ საქმეს მივიყვან ბოლომდე აუცილებლად. მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში ჩემი გამოყენების საშუალებას არავის მივცემ, არც ნაცების ინტერესები მაინტერესებს და არც ქოცების. მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების სცენარში მონაწილეობას არ ვაპირებ და არც რუსთავი 2-ის დადგმულ ფაბრიკაციებში გავაგრძელებ აწი მონაწილეობას. მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმება, მე ბიზნესმენი ვარ და ჩემი საქმე მეწარმეობაა და არ მინდა ჩემი უამრავი თანამშრომელი და ტელევიზიის ჟურნალისტები ვიღაცის პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცნენ. მინდა, რომ ფაბრიკამ და ტელევიზიამ იმუშაოს და სიბინძურე დასრულდეს.

ჟურნალისტი: ეხლა რას აპირებთ ბატონო ზაზა?

ზაზა ოქუაშვილი: ამ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ბიზნესს შეუძლია და ვაპირებ ბრძოლას ბიზნესის ინტერესების და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისათვის. რევოლუციისათვის ფულის დახარჯვას მირჩევნია ბიუჯეტში შევიტანო და ვნახოთ როგორ მოიქცევა ხელისუფლება, თუ უნდა რომ ადგილობრივმა წარმოებამ იმუშაოს და ხალხი არ დარჩეს უმუშევარი, მე მზად ვარ ყველაფერი გავიღო ამისთვის და თუ შემხვედრ ნაბიჯებს ვერ დავინახავ გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას უცხოეთის სასამართლოებში.

XS
SM
MD
LG