საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესისა და თანმდევი გამოწვევების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა თეო ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი იურისტი. პროცესი მიმდინარეობს 2016 წლის აგვისტოდან. საწყისი მოცემულობა იყო ის, რომ საქართველოში მიწის ნაკვეთების 75% დაურეგისტრირებული იყო. თეო ზაქარაშვილი ვარაუდობს, რომ მათი დიდი ნაწილი კვლავაც დაურეგისტრირებელია. იუსტიციის სამინისტროსგან ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე სასამართლოსაც მიმართა. რაც შეეხება პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეებთან კომუნიკაციის პრაქტიკამ "საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაანახა სპეციალური ვებსაიტის შექმნის საჭიროება. ახალი საიტი მიწის რეგისტრაციის მსურველებს დაეხმარება ადვილად გასაგები ინფორმაციის მიღებაში - როგორც ზოგადი განმარტებების, ისე ცალკეული საქმის მიმდინარეობის შესახებ. თეო ზაქარაშვილმა განმარტა, რომ მისი ორგანიზაციის მიზანი იყო მოქალაქეებისთვის იოლად გასაგები ფორმით მიეწოდებინათ ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვლის მოძიებაში, აგრეთვე ზოგიერთი გადაწყვეტილების დროულად გასაჩივრებაში, რომ მაქსიმალურად შეძლონ თავიანთი ინტერესების დაცვა.