Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა ხორავას საქმის დადგენილებაზე მსჯელობას


„ევროპული საქართველოს“ წევრები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტმა შსს-ს და პროკურატურას მოსთხოვოს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ჩაწერილია ხორავას საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დადგენილების პროექტში. ოპოზიცია მოითხოვს ამ დადგენილების განხილვას მიმდინარე კვირაშივე. კერძოდ, როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, საუბარია სამი ძირითადი რეკომენდაციის შესრულებაზე:

· დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ, რომელიც კახიძის თქმით, მონაწილეობდა ჯგუფურ დანაშაულში და მის მიმართ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა;

· დაიწყოს გამოძიება მირზა სუბელიანი ქმედებებზე, კერძოდ, ცრუ ჩვენების მიცემასა და საგამოძიებო პროცესში ჩარევაზე;

· პასუხი აგონ: პროკურორმა ფხაკაძემ, გამომძიებელმა ფიფიამ და მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა შოთაძემ.

ოთარ კახიძის განცხადებით, ამ დადგენილების მიღებით პარლამენტი შეძლებს რეალური ნაბიჯები გადადგას მართლმსაჯულების აღსასრულებლად და პარლამენტი არ უნდა დაელოდოს ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს პასუხს, რადგან მისი სიტყვებით ამ უწყებაში შესულია გაყალბებული საქმე:

„დღეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს იმას, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელს აჰკიდონ დავით სარალიძის მკვლელობაც. და პროკურატურა დღემდე ხელს აფარებს მ.კ-ს. და პარლამენტიც, ხდება ამ პროცესის მონაწილე. თუ მართლა არსებობს ამ საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება, მაშინ, ამ დადგენილებით მოვუწოდოთ შსს-ს და პროკურატურას გადადგან რეალური ნაბიჯები“.

ბიუროს სხდომაზე ამ საკითხის განხილვა ხმამაღალი კამათის ფონზე გაგრძელდა და ხორავას საქმის გახსენებას ბუნებრივად მიება ზაზა სარალიძის პროტესტის და პარლამენტის წინ კარვების გაშლის თემაც. რადგან დადგენილება უახლოეს მომავალში იურიდიულ კომიტეტში უნდა განიხილონ, ოპოზიციას მოთხოვნებზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უპასუხა:

„ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ერთპარტიული დოკუმენტი და ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და რომლის შესრულებაც და რომელზე ზედამხედველობაც სავალდებულოა. პარლამენტის ფუნქცია არ არის მკვლელების პოვნა და თუ გვინდა ხელისუფლების ფუნქციების არევა, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს აცნობდა, რომ მას საუბარი ჰქონდა შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და რომ მზადაა პარლამენტში მივიდეს და რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მოხსენება წაიკითხოს. რაზეც ოპოზიციამ მას უპასუხა, რომ დღეს მთავარია არა მოხსენების მოსმენა, არამედ შსს-თვის სამი მთავარი რეკომენდაციის შესრულების მკაცრად მოთხოვნა, რაშიც პარლამენტი ერთსულოვანი უნდა იყოს.

ოპოზიცია მოითხოვს დადგენილების პროექტს კენჭი მიმდინარე კვირაშივე უყარონ. თუმცა ზუსტი თარიღი, როდის განიხილავს მას იურიდიული კომიტეტი და გავა თუ არა დადგენილების პროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე, ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG