Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შევძელით? - ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძის „რუს პიარტექნოლოგთან“


​​​ვიტალი შკლიაროვი
​​​ვიტალი შკლიაროვი

როგორ შეძლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა თამაშის მეორე ტურში გადატანა? მმართველი პარტიის რომელმა შეცდომებმა მისცა ხელისუფლების ოპონენტებს ტაქტიკური გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა? ვინ აძლევდა ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს საჭირო რჩევებს დაძაბული საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას? გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის კულისებზე გვიამბობს გრიგოლ ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი, რომელსაც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი, ვლადიმირ უნანიანცი ელაპარაკა.

რადიო თავისუფლება: როგორ დაგიკავშირდნენ? ვინმემ ურჩია თქვენი თავი „ნაციონალურ მოძრაობას“? რატომ მაინცდამაინც თქვენ?

ჩამოვიტანეთ ტექნოლოგიების მთელი გროვა - პროგრამული უზრუნველყოფა, რესურსების, ადამიანების მართვა დისტანციაზე, როგორც კონტროლის, ასევე ამოცანების დასმის სისტემა, არჩევნების მონიტორინგი, - ერთი სიტყვით, ჩვენ შევქმენით ცესკოს პარალელური სისტემა, რომელსაც რეალური დროის რეჟიმში შეეძლო ხმის მიცემის რეზულტატების კონტროლი...
ვიტალი შკლიაროვი

ვიტალი შკლიაროვი: უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ვარ ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის ექსპერტთა შორის, რომლებიც სპეციალიზებული არიან ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ბევრი მიმუშავია რუსეთში, კონსულტაციებს ვუწევდი და ვუძღვებოდი საარჩევნო კამპანიებს პუტინის წინააღმდეგ, ხელისუფლების შესაცვლელად. ასევე და, ალბათ, უწინარეს ყოვლისა, ვარ ერთ-ერთი - შეიძლება ერთადერთიც კი - რუსულად მოლაპარაკე სპეციალისტი ამერიკის პოლიტიკაში, რაც, სხვათა შორის, ასევე იშვიათობაა. დიახ, ჩემზე, უბრალოდ, გამოვიდნენ, მთხოვეს და შევხვდი სააკაშვილს. მიმიწვია შეხვედრაზე და შემომთავაზა მეფიქრა, როგორ შემეძლო დავხმარებოდი ქართულ დემოკრატიას ძალიან კონკურენტულ და არასამართლიან პირობებში. ანუ, როცა არ გვაქვს დიდი ფინანსები, ოპონენტს კი ფულიც აქვს და ადმინისტრაციული რესურსიც, რაც ზუსტად ჩემი სპეციალობაა.

რადიო თავისუფლება: ანუ მიხეილ სააკაშვილი იყო ინიციატორი მიგეღოთ მონაწილეობა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში?

ვიტალი შკლიაროვი: დიახ. შესაძლოა, მათ, უბრალოდ, სმენოდათ იმ ანტიპუტინური კამპანიების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვმართავდით რუსეთში შარშან და შარშანწინ. ჩვენ პირველებმა შევძელით არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიო პრაქტიკაში... და ამისთვის, სხვათა შორის, მივიღეთ პოლიტიკური კონსულტანტების ასოციაციის ექვსი მედალი წელს და ხუთი მედალი შარშან, სწორედაც რომ, იმგვარი საარჩევნო კამპანიისათვის, როგორიც ჩვენ ჩავატარეთ მოსკოვში, როცა ჩვენ მიერ მხარდაჭერილი 1017 დამოუკიდებელი კანდიდატიდან 267 იქნა არჩეული. ამასთან, ყველა ეს ადამიანი იყო ოპოზიციური შეხედულებების მატარებელი. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არსად მომხდარა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩემი გუნდით ერთგვარი პირველგამკვალავი ვარ.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ წარმართავდით კამპანიებს პუტინის წინააღმდეგ, „ქართული ოცნება“ დაუღალავად იმეორებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს ეხმარებიან რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც დაკავშირებული არიან უშუალოდ კრემლთან. რა კომენტარს გააკეთებდით?

ვიტალი შკლიაროვი: ძალიან სასაცილოა, რადგანაც მთელ რუს ხალხს, როგორც საფრთხობელით, ისე აშინებენ სააკაშვილით. შეხედეთ, დაწყებული პუტინის მიმართვიდან ან პრესასთან ურთიერთობისას და ყველგან - ხაზგასმულია, როგორი საშინელია სააკაშვილი. მაგრამ ჩამოდიხარ საქართველოში და აღმოაჩენ, რომ სააკაშვილი პუტინის საუკეთესო მეგობარია და რომ პუტინს გამოგზავნილი ჰყავს თავისი კონსულტანტები. ჩემი აზრით, ეს ძალიან სასაცილოა. ხალხმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პოლიტიკოსების ქცევაზე და არა ყვითელ ჭორებსა და სისულელეზე.

რადიო თავისუფლება: ისეთი რა შესძინა თქვენმა გუნდმა „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, რომ, როგორც ბევრი სპეციალისტი შენიშნავს, აჯობა სალომე ზურაბიშვილის შტაბსა და, შესაბამისად, მმართველ პარტიას? რა არ ჰყოფნიდა „ნაცმოძრაობას“ თქვენს გამოჩენამდე?

ვიტალი შკლიაროვი: ინსტრუმენტების ნაკრები პრაქტიკულად ყოველთვის ერთნაირია. ჩვენ არ ჩამოვდივართ რაღაც სუპერჯადოსნური ჯოხით ან რამე ნანოტექნოლოგიებით. როგორც წესი, საუბარია ინსტრუმენტების ჩვეულებრივ ნაკრებზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, აყვანილი გვაქვს პერფექციონიზმის მწვერვალზე. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევქმენით კარგი გუნდი, ქსელი, ველი. რაც მთავარია, მოვიტანეთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც წლების განმავლობაში ვამუშავებდით და ვცდიდით რუსეთში ოპოზიციის კამპანიებში. ხუმრობით რომ ვთქვა, ესაა პირველი კარგი რუსული ექსპორტი. ექსპორტი - როგორ წარმართო ანტისამთავრობო კამპანია სრული კონტროლის პირობებში. ამ გაგებით, რა თქმა უნდა, ჩამოვიტანეთ ტექნოლოგიების მთელი გროვა - პროგრამული უზრუნველყოფა, რესურსების, ადამიანების მართვა დისტანციაზე, როგორც კონტროლის, ასევე ამოცანების დასმის სისტემა, არჩევნების მონიტორინგი, - ერთი სიტყვით, ჩვენ შევქმენით ცესკოს პარალელური სისტემა, რომელსაც რეალური დროის რეჟიმში შეეძლო ხმის მიცემის რეზულტატების კონტროლი. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ანონიმურად შეეტყობინებინა ფალსიფიკაციისა და საარჩევნო უბნებზე დარღვევების ნებისმიერი შემთხვევა და მგონია, რომ ამგვარმა open sourse-მა - ღია და ანონიმურმა სისტემამ გაამართლა დიდწილად. XXI საუკუნეში ინფორმაციის ღიაობა მთავარი ძალაა. და კიდევ, შევძელით ყველას მობილიზება, გუნდის დისციპლინირება და ისეთი მანქანის შექმნა, რომელიც კარგად მუშაობს.

რადიო თავისუფლება: კარგად მომუშავე მანქანაზე გკითხავთ. კომპრომატები, ინფორმაციის ჩაღვრა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბოლო დროს, თქვენი ნახელავია? მხედველობაში მაქვს მათი წერტილოვანი, დოზირებული გამოყენება.

ვიტალი შკლიაროვი: აქ საკითხი არ დგას ასე: ჩვენი ნახელავია თუ - არა. კომპრომატების გამოგონება არ ხდება. გვაქვს ფაქტები. არსებობს ფაქტები და XXI საუკუნეში, გამჭვირვალობის ეპოქაში, ყოველ „კორუფციონერს“ უნდა ესმოდეს, რომ კორუფციის ფაქტები გამჟღავნდება, ყოველ ბიუროკრატს უნდა ესმოდეს, რომ ნეპოტიზმის ფაქტები გამჟღავნდება. ყოველ ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს, უნდა ესმოდეს, რომ, ადრე თუ გვიან, ყოველივე ეს გამჟღავნდება. ამიტომ, საკითხავი ის კი არ არის, თუ რამდენად მარჯვედ გავაშუქეთ ესა თუ ის ამბავი, არამედ ის, რომ სახელმწიფო გახდა კორუმპირებული და ეს არაფრად არ ვარგა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ, დამეთანხმეთ, ყოველივე ეს ცხადი გახდა უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ხალხი იყო დაღლილი უსამართლობით, ეკონომიკური არასტაბილურობით, უმუშევრობით და ა.შ. ანუ ეს იყო მთავარი მოტივატორი. ხალხს უნდა კარგი ცხოვრება. როცა შენ ხარ დემოკრატიის ეტალონი, როცა შენ ხარ ეტალონი სახელმწიფო, რომელმაც თავი დააღწია „სავოკის“ გავლენას და იქცა თვითკმარად, ათჯერ მეტი მოგეთხოვება და ამისთვის მზად უნდა იყო...
ვიტალი შკლიაროვი

ვიტალი შკლიაროვი: დიახ, რა თქმა უნდა, ცხადი გახდა საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს, მაგრამ ხანდახან ხდება ასეთი დამთხვევები (იცინის), ხანდახან კი მიზანმიმართულად მიეწოდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პრობლემა გახმოვანების ფაქტში კი არაა, არამედ იმაში, რომ არიან ასეთი ჩინოვნიკები და რომ ისინი მართავენ სახელმწიფოს. ნორმალურ სისტემაში, განსაკუთრებით ისეთ პროგრესულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.​

რადიო თავისუფლება: 2012 წელს, როცა საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, გამოყენებული იქნა მსგავსი ტაქტიკა. იყო კომპრომატი, ინფორმაციის ჩაღვრა და ამ ყველაფერმა ითამაშა არცთუ უკანასკნელი როლი „ნაცმოძრაობის“ დამარცხებაში. ახლა საქმე გვაქვს შეგნებულ გამეორებასთან თუ, უბრალოდ, ასე აეწყო ვითარება?

ვიტალი შკლიაროვი: ვფიქრობ, ვითარების გამო, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ კომპრომატმა არ გაამარჯვებინა „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს. იყო სხვა მიზეზებიც. კომპრომატით შესაძლებელია ელექტორატის გარკვეული ნაწილის „აღგზნება“ და არჩევნებზე მიყვანა, მაგრამ, მთლიანობაში, შედეგი განპირობებული იყო არა კომპრომატით, არამედ ხალხის უკმაყოფილებით. ხალხი იყო დაღლილი უსამართლობით, ეკონომიკური არასტაბილურობით, უმუშევრობით და ა.შ. ანუ ეს იყო მთავარი მოტივატორი. ხალხს უნდა კარგი ცხოვრება. როცა შენ ხარ დემოკრატიის ეტალონი, როცა შენ ხარ ეტალონი სახელმწიფო, რომელმაც თავი დააღწია „სავოკის“ გავლენას და იქცა თვითკმარად, ათჯერ მეტი მოგეთხოვება და ამისთვის მზად უნდა იყო.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ 2012 წელს ხალხი დაიღალა და მოვიდა ახალი მთავრობა. ახლა ხალხი კვლავ დაიღალა და კვლავ საჭიროა ხელისუფლების შეცვლა. მაგრამ გრიგოლ ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატია ანუ იმ ძალის კანდიდატი, რომლისგანაც, როგორც თქვენ თქვით, დაიღალნენ ექვსი წლის წინ. რამდენად ჯდება „ხელისუფლების ცვლილების ფორმულაში“ყოფილი ხელისუფლების დაბრუნება?

ვიტალი შკლიაროვი: ჯერ ერთი, ვაშაძე არაა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ის წარმოადგენს გაერთიანებულ ოპოზიციას. რაც უნდა თქვათ, საუბარია 11 პარტიაზე და ეს სულ სხვა ვითარებაა, როცა ოპოზიციამ შეძლო გაერთიანება და საუკეთესო კანდიდატის არჩევა. მეორეც, ხელისუფლების შეცვლა ყველა შემთხვევაში კარგია. ხელისუფლების ცვლილება, ძალაუფლების ტრანზიტი და პოლიტიკოსების შეცვლა - იმის აუცილებელი პირობაა, რომ ამგვარი შეცდომები არ განმეორდეს. როგორც რუსეთის ფედერაციაშია - „ვინ, თუ არა ის“ - აი, ესაა ცუდი, ესაა გზა ავტოკრატიისა და ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ და, შესაბამისად, უძრაობისკენ.

რადიო თავისუფლება: ოპოზიციაზეც მინდა გკითხოთ. სასიამოვნო მოულოდნელობა ხომ არ იყო ის, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და კიდევ რამდენიმე კანდიდატმა, რომლებიც ვერ გავიდნენ მეორე ტურში, მხარდაჭერა გამოუცხადეს გრიგოლ ვაშაძეს? თუ არსებობდა გარკვეული სახის წინასწარი შეთანხმება?

ვიტალი შკლიაროვი: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იყო სასიამოვნო მოულოდნელობა, რადგანაც ადამიანმა შეასრულა პირობა. ევროპის სახალხო პარტიის ფარგლებში იყო შეთანხმება, რომ, ბაქრაძის მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, კოალიცია მხარს დაუჭერდა მის კანდიდატურას, ხოლო კოალიციის კანდიდატის გასვლის შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერდა გრიგოლ ვაშაძეს. ამ თვალსაზრისით, ეს იყო სასიამოვნო ფაქტი და არა მოულოდნელობა.

რადიო თავისუფლება: დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწეულ თემას, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბში მუშაობენ რუსი პოლიტტექნოლოგები. შეიძლება თქვენ გეწოდოთ რუსი პოლიტტექნოლოგი? თქვენ ხომ, რუსეთის გარდა, ასევე მუშაობდით აშშ-ში ბარაკ ობამასა და ბერნი სანდერსთან და გერმანიაში - ანგელა მერკელთან. მაინც სადაური პოლიტტექნოლოგი ხართ - რუსი, ამერიკელი თუ გერმანელი?

ვიტალი შკლიაროვი: ჩემს თავს უფრო ამერიკელ პოლიტტექნოლოგს ვუწოდებდი, რადგანაც ათი წელი იქნება, რაც ვაშინგტონში ვცხოვრობ. გარდა ამისა, არანაირად არ შემიძლია ვიყო რუსი, რადგანაც მოქალაქეობით ბელორუსი ვარ. ეს რაც შემეხება მე. ხოლო იმაზე, რომ ოპონენტები იყენებენ ამ რიტორიკას იმისთვის, რომ დააშინონ ადამიანები და გადაიტანონ მათი ყურადღება უმთავრესიდან, არსებითიდან, რათა გაიმარჯვონ არჩევნებში, - ვიტყვი მხოლოდ ერთს: ყურადღებით უნდა გავერკვეთ, ვის მივცეთ ხმა, რადგანაც ერთი მხარისათვის, როგორც მეჩვენება, მნიშვნელოვანია გამარჯვება, ხოლო როგორი იქნება მისი ფასი - არ აქვს მნიშვნელობა. მეორე მხარისათვის კი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს სამართლიანი. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები შედგეს.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, სად დაუშვეს მთავარი შეცდომა?

კარგია თუ ცუდი, შავია თუ თეთრი - საკითხი ასე არ დგას. სამყაროს მრავალი შეფერილობა აქვს, ისევე როგორც პოლიტიკას. მთავარია ეფექტიანობა. თუ გუნდი არ არის საკმარისად ეფექტიანი, ის უნდა შეიცვალოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცუდი ხალხისგან შედგება...
ვიტალი შკლიაროვი

ვიტალი შკლიაროვი: ექვსი წელი არ ზრუნავდნენ ხალხზე. ექვსი წელი ზრუნავდნენ თავიანთ აგარაკებზე, თავიანთ ჯიბეებზე, ნათესავებზე და არა პატარა ქვეყანაზე, რომელმაც მეტი დაიმსახურა. შეცდომაა ისიც, რომ ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად წავიდნენ და გზა გაუხსნან სხვებს, კვლავ ებღაუჭებიან ძალაუფლებას კბილებით და ვერ ხედავენ უმნიშვნელოვანესს - რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ეს არჩევნები რომ მოიგონ კიდეც, შემდეგ ჯერზე, საპარლამენტო არჩევნებისთვის, ძალთა სხვა ბალანსი იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ამ საკითხში ვერ არიან შორსმჭვრეტელები. პოლიტიკა არაა წრფივი. ეს ის სფეროა, სადაც უძლიერესი იმარჯვებს და ასეც უნდა იყოს.

რადიო თავისუფლება: 2020 წლისათვის წინადადებით უკვე მოგმართეს?

ვიტალი შკლიაროვი: არა (იცინის), ჯერ არა.

რადიო თავისუფლება: თქვენ პოლიტტექნოლოგი ხართ, სპეციალისტი და, კარგი გაგებით, დაქირავებული. რომ გქონოდათ კონსულტაციის გაწევის შემოთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან 2020 წლისთვის, იფიქრებდით ამ წინადადებაზე?

ვიტალი შკლიაროვი: მე ვიფიქრებდი ნებისმიერ წინადადებაზე, რომელიც ორიენტირებულია ხელისუფლების ცვალებადობაზე, პოზიტიურ ცვლილებებზე და კარგ კანდიდატზე. სულაც არ მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი ცუდია. უნდა გვესმოდეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდწილად არაეფექტიანები, შესაძლოა, კორუმპირებულები და ავტოკრატები არიან, სავარაუდოდ, მათაც ბევრი კარგი რამ აქვთ გაკეთებული. კარგია თუ ცუდი, შავია თუ თეთრი - საკითხი ასე არ დგას. სამყაროს მრავალი შეფერილობა აქვს, ისევე როგორც პოლიტიკას. მთავარია ეფექტიანობა. თუ გუნდი არ არის საკმარისად ეფექტიანი, ის უნდა შეიცვალოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცუდი ხალხისგან შედგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს უნდა პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა, უნდა პოლიტიკური პროცესი გახადოს უფრო ეფექტიანი, ზუსტი და უკეთესი ხალხისთვის, ასეთ პარტიას ან პოლიტიკოსს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუწევ კონსულტაციას.

XS
SM
MD
LG