Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს აკვატორიას "აილენდის" კლასის ორი ამერიკული ხომალდიც გააკონტროლებს


აშშ-ის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა "აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი. მათი სახელწოდებებია: „დიოსკურია" და „ოჩამჩირე." ხომალდები აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებით. სანაპირო დაცვის სამსახურისთვის მათი გადაცემის ცერემონია ფოთის პორტში გაიმართა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, სადარაჯო ხომალდების გადაცემა აშშ-ის და საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შედეგია. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „აილენდის“ კლასის ხომალდები საიმედო დაცვის საშუალებაა შეერთებული შტატების სამხედრო, სამართალდაცვის და უსაფრთხოების მისიებში, კარგად ემსახურებიან ამერიკელ ხალხს და ასეთივე დონის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ საქართველოს სანაპირო დაცვისთვისაც. ელიზაბეთ რუდის თქმით, თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლების ახალი ხომალდები საქართველოს დაეხმარება იყოს ნატოს სანდო პარტნიორი ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში. რუდის ინფორმაციით, ამერიკის დახმარება ამ ხომალდების გადაცემით არ სრულდება და შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას.

"შავი ზღვის რეგიონი არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. საქართველოს რთული სამეზობლო ჰყავს. ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს განსაკუთრებულ გამოწვევას უკანონო ვაჭრობის კონტროლის კუთხით. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის" - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა. მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკვე დაადასტურა, რომ ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო წვრთნებში, რომლებიც მომავალ წელს გაიმართება საქართველოსა და უკრაინაში.

ელიზაბეთ რუდმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოა აშშ-ის პირველი საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც "აილენდის" კლასის ხომალდები გადაეცა. რუდმა აღნიშნა, რომ აშშ აფასებს საქართველოს არჩევანს ხომალდებს უწოდოს "დიოსკურია" და "ოჩამჩირე."

„ჩვენ უკეთეს ქვეყანას ვერ ავარჩევდით ამ ხომალდების გადასაცემად. ჩემთვის სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ მათზე ამაყად იფრიალებს ქართული დროშა“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას. ბახტაძის თქმით, საქართველო გადადგამს უფრო მეტ პრინციპულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახური იყოს უფრო ეფექტური და უფრო აქტიური როლი შეასრულოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში. „საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ავიდა სტრატეგიულ და ასეთ მაღალ დონეზე“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შავი ზღვა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში აუცილებლად შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს როლი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში.

XS
SM
MD
LG