Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ბუღაძე: ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე


ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოებაზე ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში საუკეთესო რომანის ნომინაციაში გამარჯვებულმა ლაშა ბუღაძემ ოკუპაციაზე, მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობაზე, ზვიად რატიანის გამოუძიებელ საქმეზე ილაპარაკა.

ლაშა ბუღაძემ პრემია საბა აიღო წიგნისთვის "პატარა ქვეყანა".

"თითქოსდა ჩემს ამბავს აღვწერდი (რომანში), მაგრამ პრინციპში, გამოვიდა საქართველოს ამბავიც, ჩემგან დანახული, 80-იანი წლებიდან დღემდე და ამიტომ, ძალიან ფამილიარული თუ არ ვიქნები და თუკი პათეტიკურად არ გაიჟღერებს ეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საყვარელ პატარა ქვეყანას, საქართველოს, რომელიც მართლაც ძალიან გვიყვარს, გვასაზრდოებს, მართალია, გვღლის კიდეც ზოგჯერ თავისი პრობლემებით, მაგრამ როგორც მწერლებისთვის და ადამიანებისთვის, ის ძალიან ძვირფასია.

როგორც შუშანიკს თავს ესხმის იმპერია და იმპერიები, დღემდე გრძელდება თავდასხმა საქართველოზე ველური ძალებისგან და კონკრეტულად, დღევანდელი პუტინის რუსეთსგან და ჩვენ, დღევანდელი ლიტერატურა ვცდილობთ, რომ რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემაზე...

ეს პატარა ქვეყანა არის რაღაცნაირად პრინციპის განსახიერება ჩემთვის და ჩვენ ვლაპარაკობდით და ვახსენეთ კიდეც ქართული ლიტერატურა, რომელიც თხუთმეტ საუკუნეს ითვლის. ქართული ლიტერატურა დაიწყო მეხუთე საუკუნეში, იაკობ ხუცესის ტექსტით "შუშანიკის წამება". ეს არის ამბავი პრინციპზე, რწმენაზე, სადაც ადამიანი იცავს ექსპანსიისაგან, აგრესიისაგან საკუთარ რწმენას, საკუთარ სიმართლეს, საკუთარ ჭეშმარიტებას, იმ შემთხვევაში - ქრისტიანობას და ზოგადად - ღირებულებებს. როგორც შუშანიკს თავს ესხმის იმპერია და იმპერიები, დღემდე გრძელდება თავდასხმა საქართველოზე ველური ძალებისგან და კონკრეტულად, დღევანდელი პუტინის რუსეთსგან და ჩვენ, დღევანდელი ლიტერატურა ვცდილობთ, რომ რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემაზე და რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი ხმა. გარდა იმისა, რომ რასაც აღვწერთ, ესთეტიკური თვალსაზრისით აქვს მხატვრული ღირებულება, ვცდილობთ მივიტანოთ ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვარსებობთ და რომ ჩვენ გვჭირდება გაფრთხილება.

ეს პატარა ქვეყანა არის დიდი კულტურის მქონე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეორე, ძალიან დიდ ქვეყანას, პრინციპში, ბევრი ჩვენგანისათვის სულიერ სამშობლოს, გერმანიას, რომელმაც ასეთი დიდი შესაძლებლობა მოგვცა ჩვენ, რომ გაგვეფართოვებინა ლიტერატურისა და ზოგადად, საქართველოს კულტურის საზღვრები. არ ვლაპარაკობ მხოლოდ კულტურაზე. წელს სხვა მნიშვნელოვანი იუბილეც არის: 100 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა სწორედ გერმანიის ძალიან დიდი მხარდაჭერით და გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობა. დიდი მადლობა ამ ძალიან დიდ ქვეყანას!

დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები იმართება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი რეაქცია, სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ჩემს ქვეყანაში მართლაც ბევრი საინტერესო რამ ხდება და ყველა ჩემს კოლეგას, მწერლებს, პოეტებს უღრმეს მადლობას მოვახსენებ. მე მათი მკითხველიც ვარ, ბუნებრივია და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი, ბევრ ამბავს ვყვებით და ქართული ლიტერატურა არის, ამ სიტყვის სწორი გაგებით, ძალიან გულწრფელი და ძალიან მართალი. ქართული ლიტერატურა ყოველთვის სამართლიანად რეფლექსირებს თავის დროზე. ახლაც, როცა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს წიგნებს წარვადგენთ, ჩვენ ვლაპარაკობთ და ასევე ვახსენებთ იმ დიდ ქართველ მწერლებსაც, რომელთაც ისტორიული უსამართლობის გამო და რკინის ფარდის გამო, რომელიც ჩამოკიდეს ბოლშევიკებმა საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 70 წლით დააგვიანეს ევროპაში მოსვლა. ჩვენს წიგნებთან ერთად, ჩვენ ვლაპარაკობთ ტიციან ტაბიძეზე, ტრაგიკული ბედის მქონე გალაკტიონ ტაბიძეზე და ასევე უამრავ ავტორზე, რომლებიც წლები და წლები ელოდნენ ამ დიდ შესაძლებლობას. ჩვენს წიგნებთან ერთად, პრინციპში, მათაც წარვადგენთ - დავით კლდიაშვილს და თუნდაც, შოთა რუსთაველს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი და ძალიან ბევრი პრობლემური ამბავი, რომელიც დღეს საქართველოშიც ხდება. როგორც აკა მორჩილაძემ თქვა, ქართველი მწერალი შეიძლება არ იდგეს იქ, სადაც ყველა დგას, მაგრამ ქართველი მწერალი ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას: ხშირად შეიძლება ეს იყოს ძალიან მიუღებელი კონკრეტული ადამიანებისათვის, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნიან ხოლმე საქართველოში მწერლებისათვის.

ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე და მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის ბედზე. დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები იმართება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი რეაქცია, სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეს ეხებათ ასევე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ეხლაც კი კეკლუცობენ პოეტებთან და აგერ იდგა ზურაბ რთველიაშვილი, რომელსაც ასევე დიდი პრობლემები შეექმნა რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლების მიერ. ასე რომ, ქართველი მწერალი ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა, თავის სიტყვას იტყვის, თავის სიმართლეს გაიტანს.

პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება."

XS
SM
MD
LG