Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურვალეთელი მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში რჩება


ხურვალეთი
ხურვალეთი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სახელმწიფო მინისტრი იმყოფებოდა ხურვალეთში, სადაც მაია ოთინაშვილის ოჯახს გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ მიღებული ბოლო ინფორმაცია. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად. პროცესში ჩართულია "წითელი ჯვრის" კომიტეტიც.

ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. 2 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ამავე კომიტეტის მტკიცებით, მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთის“ და საქართველოს მოქალაქეებს. მაია ოთინაშვილი „ქალთა სამშვიდობო მოძრაობის“ წევრის, გალინა ქელეხსაევას ქალიშვილია. რადიო თავისუფლებას გალინა ქელეხსაევამ უთხრა, რომ დაკავების დროს მისი შვილი იმყოფებოდა საკუთარ მიწის ნაკვეთზე და რუსმა სამხედროებმა სწორედ იქიდან წაიყვანეს.

XS
SM
MD
LG