ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რამდენიმე სტრუქტურის განთავსებას გეგმავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა. კერძოდ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბინას დაიდებენ: "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო. "არ მოხდება თბილისში მყოფი დანაყოფების გადაყვანა ქუთაისში, შესაბამისად, პერსონალის მოზიდვა უკვე ადგილობრივი მოსახლეობიდან იქნება შესაძლებელი და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. საპარლამენტო უმცირესობა აკრიტიკებს პარლამენტის ქუთაისიდან მთლიანად თბილისში გადატანას. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ქუთაისი აღარ იყოს საპარლამენტო ქალაქი. ამით ქუთაისი დაკარგავს არა მხოლოდ სტატუსს, არამედ დამატებით სამუშაო ადგილებს და შემოსავალს, რადგან ქალაქში აღარ ჩავლენ პარლამენტის წევრები და ასობით თანამშრომელი, - აცხადებს გოგორიშვილი.