ოზურგეთში დააკავეს 1996 წელს დაბადებული მამაკაცი (მ.თ.), რომელსაც ბრალად ედება 2002 წელს დაბადებული გოგოს (ნ.ბ.) თვითმკვლელობამდე მიყვანა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის -„ფეისბუქის“ - საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად. დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას, 2-დან 4-წლამდე ვადით.