აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცეს მუხთარლის მიერ აზერბაიჯანში დაწერილი ჩვენება თბილისიდან მისი გატაცების შესახებ. ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაცვის მხარის თხოვნით დაწერილ ჩვენებაში აფგან მუხთარლი აღწერს თბილისიდან გატაცების და აზერბაიჯანში გადაყვანის გარემოებებს. უფლებადამცველების შეფასებით, ჟურნალისტის ამ ჩვენების შემდეგ საქართველოს პროკურატურას აღარ უნდა დარჩეს არგუმენტი, რომ გამოძიება ფერხდება, რადგან ვერ ახერხებენ მუხთარლის დაკითხვას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბარლდებით. 2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჟურნალისტი მისთვის წაყენებულ ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით და ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობით.