Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სააპელაციო სასამართლომაც


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. 2018 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული, შსს-ს 4 ყოფილი თანამშრომლის შეწყალებას. დაცვის მხარე, რომელიც სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა გამამართლებელ განაჩენს, აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა. ყოფილი პრეზიდენტის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის მტკიცებით, დაცვის მხარე ვრცელ სააპელაციო საჩივარში პასუხს სცემდა ბრალდების ყველა მტკიცებულებას. ადვოკატს აინტერესებს, რატომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ახალი მტკიცებულება, „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაცვის მხარის პოზიციას იზიარებდა.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა გამორიცხა პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი განცხადებით, საქმეში არსებობს როგორც პირდაპირი, ისე სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს აკმაყოფილებს და ყოფილი პრეზიდენტის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. პროკურორის შეფასებითვე, ბრალდებაც და განაჩენიც ემყარება მხოლოდ სამართლებრივ მტკიცებულებებს და არგუმენტებს.

XS
SM
MD
LG