კრემლი უარყოფს და აბსურდს უწოდებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა რუსეთი იდგეს ბრიტანეთში ქალის გარდაცვალების ფაქტის უკან - რომელიც, ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, დაიღუპა იმავე ნივთიერებასთან შეხებით, რომლითაც მარტში მოწამლეს რუსეთის ყოფილი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, 9 ივლისს გამოვიდა ამ განცხადებებით - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 44 წლის ქალი, სამი შვილის დედა დონ სტურჯესი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ნერვულ გაზ "ნოვიჩოკთან" შეხების შემდეგ. ჩვენი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში აბსურდია რუსეთის დადანაშაულება სტურჯესის მოწამვლაშიო, განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთი ღრმად შეშფოთებულია "ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამ მომწამვლელი ნივთიერებების კვლავ არსებობით" და ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ ევროპის სხვა ხალხებსაც. პესკოვის ამ განცხადებებმა გაიმეორა კრემლის მიერ რუსეთის ჩართულობის სისტემატური უარყოფა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში, რომლებიც 4 მარტს მოწამლეს "ნოვიჩოკით". სკრიპალები ინტენსიური მკურნალობის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს. ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, სტურჯესი და მისი ბოიფრენდი, ჩარლი როული 30 ივნისს უგონო მდგომარეობაში იპოვეს ამესბერიში, რომელიც 20 კილომეტრზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული სალისბერის, სკრიპალების მოწამვლის ადგილს.
ყველაზე პოპულარული
1