სოციალურ ქსელში ურეაქციოდ არ ჩაუვლია მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდის, აიისა • aiisa-ს საქმეზე. კომპანია 500 ლარით არის დაჯარიმებული და აკრძალული აქვს 4 დიზაინის პრეზერვატივის რეალიზება და რეკლამა.
„ალბათ მანაც (მურუსიძემ) დაინახა ამ გვირგვინში ეროვნული ღირსება. შევხვდებით სტრასბურგში“, - წერს „აიისას“ ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ლევან მურუსიძის მისამართით.
„აიისა“ კვლავაც მიიჩნევს, რომ მოსამართლე მურუსიძის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
რადგან კომპანიას გადაწყვეტილების შესრულება მაინც მოუწევს, გაჩნდა იდეა, რომ „აიისა“ საკუთარი ინიციატივით აღარ შექმნის სასამართლოს მიერ აკრძალული დიზაინის პროდუქტს, თუმცა, ყველას შეუძლია კომპანიის ვებსაიტზე განყოფილებაში #გაბანტე თავად შექმნას „აიისას“ პროდუქტის მსგავსი დიზაინი, რომელსაც კომპანია დაამზადებს და გაყიდის. ხოლო შემოსული თანხით სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის.
პირველი დიზაინი თავად გიორგი მშვენიერაძემ შექმნა - პრეზერვატივზე ამჯერად მოსამართლე მურუსიძე აღმოჩნდა წარწერით „***ვაი საკვირველი“. პრეზერვატივები ახალი დიზაინით უკვე იყიდება და თანხის შეგროვებისთანავე „აიისა“ ჯარიმას გადაიხდის.
აქვე გავიხსენოთ, რომ „აიისას“ „სადავო“ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოსახული იყო თამარ მეფე, წარწერით „სამეფო კარი თამარში“, ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი და გვირგვინი წარწერით - „ძლევაი საკვირველი“. მაისში თბილისის მერიამ პრეზერვატივების ეს რეკლამა „არაეთიკურად“ მიიჩნია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი შეადგინა და სასამართლოს მიმართა.
„აიისას“ ადვოკატები აპირებენ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღონ.