10-დღიანი პატიმრობა იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 2000-ლარიანი ჯარიმა ზურა ჯაფარიძეს - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 მაისს გამართულ თითქმის ოთხსაათიან სხდომაზე. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სამ წარმომადგენელს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სამართალდამცველებმა 2 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი მოქალაქე მ.ს.-ს გამოესარჩლნენ, სამართალდამცველებს მის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში დასდეს ბრალი და ეს საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან გააპროტესტეს. ამავე ფაქტის გამო,ზურა ჯაფარიძეს ბრალი 3 მაისს წაუყენეს.
„გირჩის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ თავი ვალდებულად ჩათვალეს, დახმარებოდნენ მოქალაქეს, რომელსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. „ეს არის შურისძიება, პოლიტიკური შურისძიება საბჭოთა მილიციის სისტემის მიერ „გირჩისთვის“, რადგანაც ჩვენ მათ წავართვით ბერკეტი, რომელიც ეხება კანაფის მოხმარების გამო ადამიანის ციხეში ჩასმას და მოვიგეთ საკონსტიტუციო სარჩელი. ჩვენ მათ არ დავაკავებინეთ და ნარკოტიკი არ ჩავადებინეთ უდანაშაულო ადამიანისთვის“ - უთხრა ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენელმა ირაკლი ობოლაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 მაისს, გვიან საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა „გირჩის“ წარმომადგენლებს „არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას“ და როდესაც მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, „გირჩის წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.“ პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, „მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა“.
მოქალაქე მ.ს., რომელიც ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს, ზურა ჯაფარიძის ახლო ნათესავია და „გირჩის“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველთა ქმედებები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნის დისკრედიტაციისკენ იყოს მიმართული. როგორც ზურა ჯაფარიძემ განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, 3 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრდება.