საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 11 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში იკვეთება მიკერძოება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, „მიუხედავად იმისა, რომ ვერ ახერხებენ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკებას.“ კობახიძის შეფასებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ განიცადა ფუნდამენტური წინსვლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. „ამ ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7 ბალიან სკალაში მხოლოდ 12 მეასედითაა გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 12 აპრილს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე. მისივე შეფასებით, ტენდენციური და ღიმილისმომგვრელია, რომ 2012 წელთან შედარებით არ შეცვლილა რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროშიც მაშინ, როცა 2004-2012 წლებში სამივე, საერთოეროვნულ მაუწყებელზე - „რუსთავი 2“-ზე, „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.“ კობახიძის თქმით, შემაშფოთებელია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებებიც, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-თან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, თუმცა, ვერ აკონკრეტებენ საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნებს და ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც კობახიძის თქმით, საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია.
ყველაზე პოპულარული
1