Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები. „ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის, არჩილ ტატუნაშვილის ნეშტი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ვინაიდან მტრებმა ვერ შელახეს მისი ღირსება. ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირი გახლავთ არჩილ ტატუნაშვილი“ - განაცხადა 27 მარტს, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. „რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებშიც, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად. ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში ცხადად წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პასუხს აგებს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი, ვინც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გაერთიანების მტრები არიან, მაგრამ „რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას.” გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო მინისტრს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს მიმართა, დიდი ხნით არ გადადონ მის მიერ მომზადებული პაკეტის განხილვა და პარლამენტს მოუწოდა, ერთად, თანმიმდევრულად გააგრძელონ ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინციდენტამდე დგამდნენ. „რა თქმა უნდა, არჩილის ოჯახს, მის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG