Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე ჟენევაშიც მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დადგენას


27 მარტს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟენევაში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე მწვავედ დააყენებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამოძიების და დამნაშავეთა დადგენის საკითხს, განსაკუთრებით რუსეთის დელეგაციის წინაშე. დავით დონდუას თქმით, კონკრეტული პირების დადგენა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა არ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული განუკითხაობის პირველი მსხვერპლი. „ორი წლის წინ იყო ოთხოზორიას მკვლელობა, მანამდე ბაშარულის და თუ დამნაშავეები არ დაისაჯნენ, ვიღაცამ არ აიღო პასუხისმგებლობა და გასაგებია ვინც, ეს არის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტოროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს მომავალშიც გაგრძელდება“ - განაცხადა დავით დონდუამ. ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების მიღება, დავით დონდუამ უპასუხა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვვეაში, თუ ქართული მხარე დარწმუნდება, რომ დოკუმენტი წაადგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. „ეს დოკუმენტი თუ მიიღება და როცა მიიღება, იქნება მონაწილეთა ერთობლივი განცხადება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციასთან, ან კონფლიქტის მხარედ მათ წარმოჩენასთან. განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთი ადასტურებს ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა დავით დონდუამ. დიპლომატის განმარტებით, ეს ვერ იქნება იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ იქნება პოლიტიკური განცხადება, რომელსაც დიდი წონა აქვს საერთაშორისო სამართალში.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG