ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, არჩილ ტატუნაშვილი, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. წინა დღით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეჟიმმა ახალგორში დააკავა საქართველოს სამი მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ფეისბუკის საშუალებით გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ტატუნაშვილს უნდა მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.