ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს ერგნეთში გადასცა 22 თებერვალს, საეჭვო გარემოებებში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც ვარაუდობს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას აჭიანურებდა რუსეთში ექსპერტიზის ჩატარების საბაბით.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
- ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
- ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.