Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვაგნერის“ სისხლიანი საგა სირიაში


რუსეთის ჯარისკაცები სირიაში
რუსეთის ჯარისკაცები სირიაში

ავტორი: სერგეი ხაზოვ-კასია

2018 წლის თებერვლის დასაწყისში მსოფლიოს მოედო ცნობა სირიაში, აშშ-ის ავიაციის იერიშის შედეგად, მრავალი რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ურთიერთგამომრიცხავი ცნობებით, მხოლოდ ერთ საბრძოლო ეპიზოდში დაიღუპა, დაახლოებით, 200 რუსი დაქირავებული მებრძოლი, რომელიც სირიაში​ კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ რიგებში იბრძოდა.

“ვაგნერის“ სისხლიანი საგა სირიაში

  • რადიო თავისუფლების წყარო ამტკიცებს, რომ რაზმი “ვაგნერი“ სირიაში სათავეს იღებს 2013 წლიდან.
  • რუსეთის ხელისუფლებას ასეთი კომპანიის არსებობის იდეა მოეწონა, მით უფრო, რომ დაქირავებულებზე მოთხოვნა მალე გაჩნდა დონბასში.
  • მებრძოლებთან გაფორმებული შეთანხმება ოფიციალურად ეხება გეოლოგიური დაზვერვის ჩატარებას და ნავთობის საწარმოებზე მუშაობას.
  • საბრძოლო დავალებას კსკ „ვაგნერის“ მებრძოლებს სირიის მთავრობა აძლევს რუსეთის კოსმოსური ძალების სარდლობასთან კოორდინაციით.

ამ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ციფრი გადაჭარბებულია და ამერიკელების თავდასხმის შედეგად დაიღუპა მაქსიმუმ 15 მებრძოლი, დაჭრილები კი როსტოვის, მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში გადაანაწილეს. ამის თაობაზე ჩვენს რადიოს ანონიმურად ესაუბრა კსკ „ვაგნერის“ სარდლობის სამი წარმომადგენელი, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსი დაქირავებულები სირიის გარდა იბრძვიან სუდანში და მალე ლიბიაშიც გამოჩნდებიან.

“ვაგნერის“ დაბადება

რადიო თავისუფლების წყარო ამტკიცებს, რომ რაზმი “ვაგნერი“ სირიაში სათავეს იღებს 2013 წლიდან, როდესაც რუსეთის ორმა მოქალაქემ, რომლებიც მაშინ კსკ Moran Security Group-ში მუშაობდნენ, ვადიმ გუსევმა და ევგენი სიდოროვმა, ჰონკონგში დაარეგისტრირეს კსკ „სლავიანსკი კორპუსი“. მაშინ 267 კაცი ჩავიდა სირიაში თითქოსდა ნავთობსადენებისა და საბადოების დასაცავად, სინამდვილეში კი ჯგუფი სამოქალაქო ომში ჩაება პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარეზე.

როგორც თანამოსაუბრე ამბობს, მაშინ რაზმმა დიდი დანაკლისი განიცადა - პირადი შემადგენლობის დანაკარგი შეადგენდა 90 %-ს. მოსკოვში დაბრუნებული რაზმის წევრები 2013 წლის ოქტომბერში ფედერალური უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა დაკითხეს, ხოლო მათ მეთაურებს, გუსევსა და სიდოროვს, სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თუმცა, როგორც გაირკვა, რუსეთის ხელისუფლებას ასეთი კომპანიის არსებობის იდეა მოეწონა, მით უფრო, რომ დაქირავებულებზე მოთხოვნა მალე გაჩნდა დონბასში, სადაც რუსეთი სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს. „სირიაში მებრძოლ პირველ ნაკადში ირიცხებოდა თადარიგის პოდპოლკოვნიკი დმიტრი უტკინი. და იმ დროს, როდესაც გუსევი და სიდოროვი „ლეფორტოვოს“ ციხეში იმყოფებოდნენ, უტკინმა და სხვა მეთაურებმა დაიწყეს ახალი ბრიგადის ფორმირება უკრაინაში საომრად. არენდით აიღეს ბაზა, დაიქირავეს სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გამოცდილი ოფიცრები. ერთ-ერთი პირველი საბრძოლო რაზმი, რომელიც დონბასში შევიდა, სწორედ დმიტრი უტკინის რაზმი იყო. ამ რაზმს, მისი მეთაურის ე.წ. მოხმობის ნიშნის მსგავსად, უწოდეს სწორედ „ვაგნერი“, - აცხადებს ანონიმი თანამოსაუბრე.

დაქირავებულების რეკრუტირება

რადიო თავისუფლების თანამოსაუბრის თანახმად, რაც სხვა წყაროებითაც დასტურდება, მებრძოლებთან გაფორმებული შეთანხმება ოფიციალურად ეხება გეოლოგიური დაზვერვის ჩატარებას და ნავთობის საწარმოებზე მუშაობას, თუმცა დათქმით, რომ მზად უნდა იყვნენ ხელში იარაღის ასაღებად, რადგან დავალებები შესრულდება საბრძოლო მოქმედებების რაიონში. იარაღს დაქირავებულები ღებულობენ ჩასვლისთანავე, ახალწვეულების შეკრება კი ხდება მალკინოს სამხედრო პოლიგონზე, კრასნოდარის ოლქში. ღებულობენ პრაქტიკულად ყველას, ამიტომ მათ ჯანმრთელობას დიდად არავინ ამოწმებს. მთავარია არ იყოს 25 წელზე ნაკლების და არ ჰქონდეს პრობლემა კანონთან.

ნამდვილი ჯიგიტი, თუ ხედავს, რომ შესაძლებლობა აქვს უკან დაიხიოს ისე, რომ ამის შესახებ მის მშობლიურ სოფელში ვერავინ გაიგოს, მაშინვე გადადის უკუსვლაზე.

„ცხელ წერტილში“ გაგზავნამდე პოლიგრაფის საშუალებით მოწმდება, მუშაობს თუ არა კანდიდატი სპეცსამსახურებზე, ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული და თანამშრომლობს თუ არა „კონკურენტ ორგანიზაციებთან“. ამის შემდეგ მასთან საუბარს აწარმოებს ფსიქოლოგი. „მას შეუძლია დაგისვათ შეკითხვა იმაზე, თუ რამდენ ხანს იფიქრებ, ვიდრე კაცს მოკლავდე, ან შეგიძლია თუ არა, რომ არ მოკლა. ამით მოწმდება, რამდენად ხარ მეომარი, რადგან ხშირად ხდება, რომ ადამიანი მიდის მილიონების საშოვნელად, მაგრამ პირველივე ბრძოლის შემდეგ ეს უკვე სხვა ადამიანია: არ მინდა თქვენი არც ერთი კაპიკი, ოღონდ უკან დამაბრუნეთო, - იძახის“.

თანამოსაუბრე ამტკიცებს, რომ ყველაზე უკეთ სირიაში რუსები და უკრაინელები იბრძვიან. იქ კატეგორიულად არ მიჰყავთ ჩეჩნები და სხვა კავკასიელები. „ნანახი მაქვს, თუ როგორ იბრძვიან ჩეჩნები სირიაში. ნამდვილი ჯიგიტი, თუ ხედავს, რომ შესაძლებლობა აქვს უკან დაიხიოს ისე, რომ ამის შესახებ მის მშობლიურ სოფელში ვერავინ გაიგოს, მაშინვე გადადის უკუსვლაზე“.

საბრძოლო დავალებას კსკ „ვაგნერის“ მებრძოლებს სირიის მთავრობა აძლევს რუსეთის კოსმოსური ძალების სარდლობასთან კოორდინაციით. „სირიაში მოქმედებს „ვაგნერის“ ხუთი და კსკ „კარპატის“ კიდევ ერთი ასეული.

კერძო სამხედრო კომპანიის მიერ დაქირავებული ახლად გამომცხვარი მებრძოლები სირიაში ხმეიმიმის ბაზაზე ხვდებიან თვითმფრინავით დონის როსტოვიდან ანდა მოზდოკიდან. პირადი შემადგენლობის ის ნაწილი, რომელშიც უკრაინელებიც არიან, სირიაში ზღვით დიდ სადესანტო გემებს გადაჰყავთ. უკან დაბრუნებაც გემებით უფრო მოხერხებულია. „გადმოხვალ ნოვოროსიისკში, გადახვალ ნაპირზე, არავითარი საბაჟო შემოწმება“. წესით, საბაჟო პროცედურებისათვის მებრძოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთის პასპორტი, თუმცა, ერთ -ერთი მეთაურის თქმით, 2016 წელს რამდენიმე თვითმფრინავი ე.წ. „მწვანე დერეფნით“ გაამგზავრეს, დოკუმენტების შეუმოწმებლად.

„ვაგნერისა“ და „ტროლების ფაბრიკის“ კავშირი

საბრძოლო დავალებას კსკ „ვაგნერის“ მებრძოლებს სირიის მთავრობა აძლევს რუსეთის კოსმოსური ძალების სარდლობასთან კოორდინაციით. „სირიაში მოქმედებს „ვაგნერის“ ხუთი და კსკ „კარპატის“ კიდევ ერთი ასეული. ყველა ასეულს კავშირი აქვს „ვაგნერის“ შტაბთან, რომელიც შტურმის დროს ახდენს ავიაციის კოორდინაციას“, - ამბობს ერთ-ერთი ანონიმი მეთაური, რომელიც დასძენს, რომ სირიაში კსკ „ვაგნერის“ ძირითადი ამოცანა არ არის სრულყოფილი საბრძოლო მოქმედებების წარმოება. „ისინი აბარებენ გავლენის ზონას, კონტროლზე აჰყავთ ტერიტორიები, სადაც ნავთობის ან გაზის საბადოები მდებარეობს, და იცავენ მათ“.

„ვაგნერის“ მებრძოლის ხელფასი თვეში 150 ათას რუსულ რუბლს (დაახლოებით, 3000 დოლარს) შეადგენს. ამას ემატება 100 %-იანი პრემია. სამთვიანი საბრძოლო მისიის განმავლობაში დაქირავებული მებრძოლი, დაახლოებით, 1 მილიონ რუბლს ღებულობს.

რადიო თავისუფლების თანამოსაუბრის თქმით, კსკ „ვაგნერი“ საქმიანობისათვის თანხებს მხოლოდ რუსეთიდან ღებულობს. დაქირავებულთა დანაყოფის დაფინანსების საკითხებს წყვეტს ევგენი პრიგოჟინის ფინანსური სტრუქტურების კუთვნილი სააქციო საზოგადოება „ევრო პოლისი“.

ევგენი პრიგოჟინი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია აშშ-ის სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის მიერ გამოქვეყნებულ 13-კაციან ბრალდებულთა სიაში.

საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ „სააგენტო ინტერნეტკვლევები“, რომელსაც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს, 2014-2016 წლებში, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინ, ცდილობდა გაეხლიჩა ამერიკული ელექტორატი.

„ვაგნერის“ მებრძოლის ხელფასი თვეში 150 ათას რუსულ რუბლს (დაახლოებით, 3000 დოლარს) შეადგენს. ამას ემატება 100 %-იანი პრემია. სამთვიანი საბრძოლო მისიის განმავლობაში დაქირავებული მებრძოლი, დაახლოებით, 1 მილიონ რუბლს ღებულობს, ასმეთაურის ანაზღაურება კი იმავე პერიოდში სამჯერ მეტია, სხვა კსკ-ის, მაგალითად, „კარპატის“ მებრძოლთა ანაზღაურება - ორჯერ ნაკლები.

დაღუპული მებრძოლის ოჯახი კომპენსაციის სახით ღებულობს სამ მილიონ რუსულ რუბლს (დაახლოებით, 52 ათას დოლარს). მებრძოლს კომპენსაცია ეძლევა დაჭრის დროსაც: მსუბუქი ჭრილობისათვის - 30 ათასი რუბლი, მძიმე ჭრილობისათვის - 18 ათასი.

საზოგადოების საშიშ კატალიზატორები

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიაში
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიაში

ანონიმური წყაროს ცნობით, დღეისათვის „ვაგნერის“ დანაყოფის რაოდენობა 2 000 კაცს შეადგენს. სხვები 4 000-ს ასახელებენ. როგორც ზემოთ ითქვა, „ვაგნერთან“ მიმაგრებულია ასევე „კარპატის“ ჯგუფი, რომელიც ძირითადად უკრაინელი კაზაკებით არის დაკომპლექტებული.

დაქირავებული მებრძოლების გასაწვრთნელად სირიაში ზოგჯერ რუსეთის სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩადის. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მთლიანობაში, სირიაში სამთავრობო ჯარების მხარეზე, დაახლოებით, 8 000 რუსი მოქალაქე იბრძვის.

რაც შეეხება მომავალს, არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრები ამ მხრივ მშვიდად არიან. „წინ ბევრი ბრძოლა გველის. მალე იქნება ლიბია, სუდანში „ვაგნერი“ უკვე იბრძვის. მით უფრო, რომ პუტინმა ყველას მიახვედრა, ბიჭებო, მოემზადეთო.

„ვაგნერის“ დანაკარგები სირიის სამოქალაქო კამპანიის დროს დაზუსტებული არ არის. „2015 წელს ლუგანსკიდან „ვაგნერთან“ ერთად სირიაში 60 კაცი წავიდა, უკან კი მხოლოდ 2 დაბრუნდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ანონიმმა მეთაურმა, რომლის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე სირიაში დაღუპულია, დაახლოებით, 400 რუსი მებრძოლი.

დაღუპულთა გვამები ზოგჯერ სამშობლოში არ ჩააქვთ და ადგილზე მარხავენ. ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი კონტრაქტი დამსაქმებელთან, რომლის თანახმად, დაღუპული ადგილზე უნდა დაიმარხოს, თუმცა ამის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან შეთანხმების ტექსტს ხელზე არავის აძლევენ. „მოარული ხმების მიხედვით, „ვაგნერი“ - ეს არის ერთგვარი ხორცსაკეპი მანქანის პროექტი. რა უნდა მოუხერხო დონბასში მყოფ სახალხო ლაშქარს? პირველი ომის იდეურ მებრძოლებს, იდიოტებს? ესაა საშინელი ხალხი, საზოგადოების კატალიზატორები, საფუარი, რომელსაც ერთბაშად შეუძლიათ საზოგადოების ამღვრევა. აქ კი, ერთი მხრივ, ქვეყნის ინტერესების დაცვა ხდება, მეორე მხრივ, ეს კატალიზატორიც კლებულობს. ასეთ ვერსიას აქვს არსებობის უფლება“, - უთხრა „ვაგნერის“ ერთ ერთმა ანონიმურმა მეთაურმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება მომავალს, არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრები ამ მხრივ მშვიდად არიან. „წინ ბევრი ბრძოლა გველის. მალე იქნება ლიბია, სუდანში „ვაგნერი“ უკვე იბრძვის. მით უფრო, რომ პუტინმა ყველას მიახვედრა, ბიჭებო, მოემზადეთო. კარგი განცხადებაა, დიდი ხანია უნდა ეთქვათ მათთვის „კმარა“! სავსებით ვეთანხმები, ცალ კარში დაუსრულებელი თამაში არ შეიძლება. ამხელა სახელმწიფო ვართ და ვიღაც გეების ჯგუფმა უნდა გვიკარნახოს, როგორ უნდა ვიაროთ? ჩვენ თავად გავარკვევთ, როგორ ვიაროთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი მეთაური. მეორე კი ამატებს, რომ ის, რაც სირიაში ხდება, არ არის მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის ბრძოლა. „არ არსებობს სირიის ომი, უკრაინის ომი. არსებობს ომი რუსეთსა და აშშ-ს შორის“.

თუმცა აშშ-თან პირდაპირი საბრძოლო დაპირისპირება „ვაგნერის“ წევრებს არ სურთ. მათი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც სრულმასშტაბიან ომში ჩაებმება, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, აუცილებლად ჩამორჩება განვითარებას.

XS
SM
MD
LG