11 ადამიანი დაშავდა თბილისის მეტროში, სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს და წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა 7 ადამიანის დაშავების შესახებ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, 30 იანვარს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჩამოიშალა ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქცია. სადგურიდან განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ჭერის ჩამოშლის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილას მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე. მისი განცხადებით, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, თუმცა, სამწუხაროდ, დაშავდა 11 ადამიანი. მერის ინფორმაციით, „ვარკეთილში“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სექტემბერში სადგური ექსპლუატაციაში მიიღეს. „უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტროსადგურ „ახმეტელზეც“ და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორაა შესრულებული ეს სამუშაოები“ - განაცხადა კახა კალაძემ. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო, დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და მოეწყო ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
ყველაზე პოპულარული
1