Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზვიად რატიანის საქმის ჩანაწერის გავრცელებას


სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერის გავრცელებას. მოქალაქეები, მათ შორის მწერლები ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, ნენე კვინიკაძე, არჩილ ქიქოძე, გიორგი მაისურაძე, პაატა შამუგია და სხვები ფეისბუკის საკუთარ გვერდებზე წერენ, რომ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დამონტაჟებული კადრების გავრცელება, სადაც არ ჩანს მოქალაქის დაკავების მომენტი, რატიანის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. თავად ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს. პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოითხოვა და გაავრცელა შსს-ის მუშაკების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ასახავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რატიანის მხრიდან გინებას. ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაურთო საქმის მასალებს, რაც რატიანის დაცვისთვის მიუღებელია - ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეო არ ასახავს რატიანის გაჩერების და დაკავების მომენტებს და არის გადაღებული ტელეფონით, მაშინ, როცა სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს აკისრიათ სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება.

XS
SM
MD
LG