Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრანდის ციხიდან გაათავისუფლეს გიორგი ლუკავა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის დრანდის ციხე დატოვა გიორგი ლუკავამ, კიდევ ერთმა ქართველმა პატიმარმა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. „დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცედენტი, რომლის ფარგლებშიც, სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან უკვე გათავისუფლდნენ ქართველი პატიმრები. "ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში - მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდება. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. აგრეთვე, ნოემბერში რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, დრანდის ციხე დატოვა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულმა არჩიკო როგავამ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა პირმა დატოვა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეები.

XS
SM
MD
LG