Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამინა ოკუევას მკვლელობა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს რუსეთის სპეცსამსახურებს


უკრაინელი სამართალდამცველები, რომლებიც ყოფილი მოხალისე მებრძოლის, ამინა ოკუევას მკვლელობას იძიებენ, ძირითადად ორ ვერსიას განიხილავენ. „ეს, შესაძლოა, იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ნამოქმედარი, უკრაინაში ტერორისა და შიშის დანერგვის მიზნით“, - განაცხადა 31 ოქტომბერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ანტონ გერაშჩენკომ. 30 ოქტომბერს უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს ამინა ოკუევას და მის ქმარს ადამ ოსმაევს. თავდასხმა მოხდა კიევის ოლქის გლევახის დასახლებაში. ოკუევა სასიკვდილო ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ოსმაევი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოკუევა ქმართან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა ბატალიონ „კიევ-2“-ის შემადგენლობაში, მანამდე კი მონაწილეობდა 2013 წლის „ღირსების რევოლუციაში“, რომლის შედეგადაც დაამხეს ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. წყვილზე ადრეც განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. კიევის ერთ-ერთი ცენტრალურ, პოდოლის რაიონში 1 ივლისს ცეცხლი გაუხსნეს ადამ ოსმაევს და ამინა ოკუევას. ამ უკანასკნელმა მოასწრო საპასუხო გასროლა და დაჭრა თავდამსხმელი. იგი აღმოჩნდა პროფესიონალი მკვლელი მეტსახელად „დინგო", რომელმაც მანამდე ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის დაცვის ერთ-ერთი წვერი მოკლა. გამოძიების ვერსიით, ოსმაევსა და ოკუევაზე 30 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს შურისძიებას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მხრიდან.

XS
SM
MD
LG