საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. უჩა ნანუაშვილის თქმით, მისმა წარმომადგენლებმა დაკავებულები იზოლატორში მოინახულეს და საქმის შესასწავლად დოკუმენტები გამოითხოვეს. „ის, რომ რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები და ერთ-ერთს გაუკეთეს ფიქსატორი, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს, ადასტურებს, რომ დაზიანებები აქციის დაშლისას მიადგათ“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ. რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტის წევრები მერიის შენობაში არ შეუშვეს, ომბუდსმენის განმარტებით, მათი უფლებები დაირღვა, რადგან დეპუტატებს შეუძლიათ შევიდნენ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. 2 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მერიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის მოთხოვნით სცადეს შენობაში შესვლა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და 6 პირი დააკავა. საქართველოს შსს-ს განცხადებით, მისმა წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით, სამართალდამრღვევებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას, რათა იქ შესაძლებელი გახდეს პროექტის, „პანორამა თბილისის" ფარგლებში მიწისქვეშა ავტოსადგომის და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ოპოზიციური პარტია თბილისის მერიას და საკრებულოს ადანაშაულებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ნების აღსრულებაში.
ყველაზე პოპულარული
1