თურქეთი, ირანი და ერაყი იმუქრებიან, რომ "საპასუხო ზომებს" გაატარებენ იმ შემთხვევაში, თუ ერაყში ქურთთა ლიდერები სისრულეში მოიყვანენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვის გეგმას. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 20 სექტემბერს გამართეს შეხვედრა, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში. არასავალდებულო ძალის რეფერენდუმი 25 სექტემბრისთვის არის დანიშნული. ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ალ-ჯააფარი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და "ერთხმად ეწინააღმდეგებიან" დაგეგმილ რეფერენდუმს. ქურთთა ლიდერებს სურთ ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონსა და მეზობელ ადგილებში 25 სექტემბერს გაიმართოს რეფერენდუმი - მიუხედავად ბაღდადის მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობისა. რეფერენდუმს გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ირანი და თურქეთიც, რადგან შიშობენ, რომ ამან შესაძლოა მათ ქვეყნებში მცხოვრებ ქურთ უმცირესობებსაც უბიძგოს გამოყოფისკენ. განცხადებაში სამი მინისტრი რეფერნდუმს "არაკონსტიტუციურს" უწოდებს და აცხადებს, რომ განხორციელების შემთხვევაში ისინი ერთმანეთთან კოორდინაციით გაატარებენ საპასუხო ზომებს. მინისტრების შეფასებით, დაგეგმილი რეფერენდუმი "არ იქნება კარგის მომტანი" ერაყელი ქურთებისთვის და ძირს გამოუთხრის ერაყის წარმატებას ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.