Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლის საქმის გამო თანამდებობიდან გადააყენეს "ძალოვანი" სტრუქტურების მაღალჩინოსნები


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობას დატოვებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, ოთარ კუპრაშვილი. შესაბამისი გადაწყვეტილება ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაახმოვანა. „ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მანამდე მინისტრმა ჟურნალისტებს წარუდგინა აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგი, რომლის თანახმად ათობით გამოკითხულ მოწმეს მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავს ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი. საეჭვო გარემოება არ დაუფიქსირებია არც 46-ი სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერებს, რომელთა დეტალური გაშიფვრაც ასევე მოხდა შუალედური გამოძიების ფარგლებში.აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით.

XS
SM
MD
LG