Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა შიშობს, რომ საქართველოს მიწებს უცხოელები დაეუფლებიან


პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, უნდა დაწესდეს მნიშვნელოვანი შეზღუდვები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან მიმართებით. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა უცხოელთა საკუთრების უფლებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ითვალისწინებს, თუმცა ზოგიერთი დეპუტატი სრულ აკრძალვას უჭერს მხარს. უცხოელებისთვის მიწების მიყიდვასთან დაკავშირებული ხმაური ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში ატყდა და ახლა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ხმაურით გამოწვეული უარყოფითი შედეგების საჩქაროდ შეჩერების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ეკონომიკის სფეროს ექსპერტები კი მეტ საფრთხეს იმ შემთხვევებში მოელიან, თუკი სახელმწიფო სრულად აკრძალავს სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას ანდა ამ პროცესში გაუაზრებელ გამონაკლისებს დააწესებს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ჩქარობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეჩერდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის თავისუფლად მიყიდვის პროცესი. 20-ზე მეტი დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები რამდენიმე კანონს უნდა შეეხოს და მათ შორის არის კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ გედევან ფოფხაძის, თქმით, კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალი კონსტიტუციის ზოგად ჩანაწერთან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის განსაკუთრებულ სტატუსზე ლაპარაკობს. „საკანონმდებლო ცვლილებები პრინციპის დონეზე გულისხმობს იმას, რომ მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ“, ეუბნება დეპუტატი ფოფხაძე რადიო თავისუფლებას და იქვე აჩქარების მიზეზსაც ასახელებს:

საქართველოში მიწის ფასი ბაზარზე მნიშვნელოვნად დაიკლებს და რეალურად, სინამდვილეში, შესაძლებელი მართლაც გახდება, რომ ერთმა-ორმა დაინტერესებულმა პირმა შეისყიდოს მიწების დიდი რაოდენობა...
აკაკი ცომაია

„ჩვენ ახლა გვეჩქარება ამ კანონის მიღება... როდესაც ეს თემა გაიხსნა და კონსტიტუციის განხილვასთან ერთად ეს საკითხი წამოიწია, სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა (იმის გათვალისწინებით, რომ კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს) მასობრივად დაიწყეს საკუთრების უფლებაზე პრეტენზიის გამოცხადება და ახლა ეს არ იქნება სწორი, რომ მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეიძინონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ ისე“.

გედევან ფოფხაძის თქმით, ინიციატორთა შორის ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული, გათვალისწინებული იქნება თუ არა გამონაკლისი შემთხვევები მიწის ყიდვის მსურველი უცხოელებისთვის, თუმცა ის თავად წინააღმდეგია ყველანაირი გამონაკლისისა და თვლის, რომ უნდა აიკრძალოს უცხოელის საკუთრებაში არსებული მიწის მემკვიდრეობაში გადასვლაც კი, ასეთ შემთხვევაში მიწა აუქციონზე უნდა გაიყიდოს და მემკვიდრე ფულად ანაზღაურებას უნდა დასჯერდეს.

არავინ იცის, დამტკიცდება თუ არა, მაგრამ, წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მიწის მესაკუთრეობის მსურველი უცხოელებისთვის გამონაკლისებს მაინც ითვალისწინებს. ასე მაგალითად, მესაკუთრედ შეიძლება ჩაითვალოს უცხოელი, რომელიც მიწის ნაკვეთს მემკვიდრეობით მიიღებს; ასევე, თუკი მიწა საქართველოს მოქალაქესთან მისი ქორწინების დროს არის შეძენილი და ის თანამესაკუთრედ ითვლება. გამონაკლისი გათვალისწინებულია ასევე, მაგალითად, იმ უცხოელებისთვისაც, რომლებსაც აქვთ საქართველოში ცხოვრებისა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. წინასწარი ინფორმაციით, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში ლაპარაკია ასევე უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საკუთრების უფლებაზე.

გამონაკლისები მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს - ეს იქნება ყველაზე უგუნური და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რაც კი საქართველოს პარლამენტს მიუღია, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „კავკასიისა“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტების პროფესორი, აკაკი ცომაია. ეკონომიკის ექსპერტი თვლის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების პროცესს დღემდე კარგის მეტი არაფერი მოუტანია საქართველოში ინვესტიციების დაბანდებისა თუ ადგილზე წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ გატანის კუთხით და ამ პროცესის აკრძალვა პროგრესთან ბრძოლის ტოლფასი იქნება:

„(ასეთ შემთხვევაში) საქართველოში მიწის ფასი ბაზარზე მნიშვნელოვნად დაიკლებს და რეალურად, სინამდვილეში, შესაძლებელი მართლაც გახდება, რომ ერთმა-ორმა დაინტერესებულმა პირმა შეისყიდოს მიწების დიდი რაოდენობა. როდესაც არაკონკურენტულ გარემოში ხდება აქტივის ხელში ჩაგდება, აქტივის შესყიდვა, ამას მოაქვს ნაკლები ეკონომიკური შედეგი ანდა საერთოდ არა აქვს არანაირი ეკონომიკური შედეგი, ანუ ვერ იქმნება ღირებული პროდუქცია, რადგან მესაკუთრე ხდება ის პირი, რომელიც არ არის კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე“.

ნინო ზამბახიძე
ნინო ზამბახიძე

„თუკი უცხოელს არ ექნება საკუთრების განცდა, მან შეიძლება თავი შეიკავოს ინვესტიციების დაბანდებისგან“ - ეს უკვე ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტის, ნინო ზამბახიძის, სიტყვებია, თუმცა, აკაკი ცომაიასგან განსხვავებით, ის მაინც ფიქრობს, რომ, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მსგავსად, გარკვეული შეზღუდვები შესაძლებელია საქართველომაც დააწესოს, მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყანამ უცხოური ინვესტიციები და სხვა სიკეთეები არ დაკარგოს, თითოეული გადაწყვეტილება ზუსტად უნდა იყოს გააზრებული:

„ქვეყანას განათლების საჭიროება აქვს და უცხოურ ინვესტიციასთან ერთად ქვეყანაში არ შემოდის მხოლოდ ფული, ქვეყანაში შემოდის თანამედროვე ტექნოლოგიები და შემოდის განათლება. მე ვფიქრობ, რომ კანონში გამონაკლისები უნდა არსებობდეს, რაზეც არის საუბარი და რასაც მივესალმები, თუმცა ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ რეალობაში ყველაზე სწორი გადაწყვეტა არის ის, რომ არ დავაფრთხოთ უცხოური ინვესტიციები და ქვეყანაში შემოვიდეს უცხოელი ინვესტორი. კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რა მოთხოვნები აქვს სახელმწიფოს, რა როგორ არის და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება“.

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე აპირებს, რომ, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა, აქტიურად ჩაერთოს უცხოელებისთვის მიწის მესაკუთრეობის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესში. ის გეგმავს, რომ სპეციალური კითხვარის საშუალებით გაიგოს ასოციაციის ყოველი წევრი ფერმერის მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და პარლამენტში ის შეკითხვებიც დასვას, რაც პირადად მას, როგორც მეწარმეს, გაუჩნდა საკანონმდებლო ცვლილებათა წინასწარი ვერსიის გაცნობის შემდეგ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG