ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მაისში საქართველოში ჩატარდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა. ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, სტოლტენბერგმა დასძინა, რომ „ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. მარტში საქართველოს ესტუმრება ნატოს სამხედრო კომიტეტი. დაგეგმილია მრავალი ღონისძიება. ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს.“ სტოლტენბერგთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელები, მათ შორის პირველად - აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ჯეიმს მატისი, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ შევხვდით ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს, საქართველოს. მე მას მადლობა გადავუხადე და პატივისცემა გამოვუხატე ერთგულებისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ ავღანეთში, ნატოს ბრძოლის ველზე გაიღო.“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
ყველაზე პოპულარული
1