Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს


აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს მას შემდეგ, რაც თეირანმა რამდენიმე დღის წინ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 13 ინდივიდი და 12 ორგანიზაცია დაამატა სანქცირებულების სიას. სანქცირებულ პირებს შორის არიან ირანელები და ჩინეთის, სულ ცოტა, ერთი მოქალაქე. ხოლო სანქცირებული ორგანიზაციების სიაში მოექცნენ ლიბანში, ჩინეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანიები. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დამსჯელი ზომები მიმართულია იმ ინდივიდებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ირანის „ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მხარდამჭერი ტექნოლოგიების და/ან მასალების მოპოვებაში“, ან მოქმედებენ „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის შენაერთების დავალებით, ან მის მხარდასაჭერად“. მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ თეირანი „გააფრთხილეს“ რაკეტის გამოცდისა და სხვა მოქმედებების გამო. ირანის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა ჰოსეინ დეღანმა დაადასტურა რაკეტის გამოცდის ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამს გამოცდის თარიღზე, ან გამოცდილი რაკეტის ტიპზე.

XS
SM
MD
LG