Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად გაიხსნა „ნატო-საქართველოს სწავლება 2016.“ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციური, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში რიგით მეორეა, კრიზისებზე რეაგირების პროცესს კი, პირველად უხელმძღვანელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სწავლება მიზნად ისახავს დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და აღსრულებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენელთა უნარ-ჩვევების განვითარებას. სწავლება, რომლის სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ გარემოსთან, ითვალისწინებს საქართველოს და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაზრდას და ქართველ ოფიცრებს ხელს უწყობს დაცვისა და კონტროლის შესაძლებლობების დახვეწაში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლება წარმოადგენს მშვიდობიან პერიოდში, რეგიონში ნატოს სტანდარტულ მოქმედებას პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ნატო-საქართველოს სწავლების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის და სახმელეთო ძალების სარდლობა, ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის პარტნიორი ქვეყნები და საქართველოს შეიარაღებული ძალები. სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად მონაწილეობს ნატოს წევრი 11 ქვეყნის, თურქეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდის სამეფოს, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ბელგიის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის და ორი პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის და მაკედონიის 250 სამხედრო. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დღეს, 10 ნოემბერს დაწყებული სწავლება 20 ნოემბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG