რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოში 4 ნოემბერს ძალაში შევა ათსაათიანი ზავი. ამის შესახებ აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის განმარტებით, მიღებულია გადაწყვეტილება ალეპოში 4 ნოემბრის დილის 9 საათიდან 19 საათამდე „ჰუმანიტარული პაუზის“ მოქმედების შესახებ „უაზრო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“. გერასიმოვის თქმით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სირიის მთავრობამ. სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს საშუალება ექნებათ, რვა დერეფნის მეშვეობით დატოვონ აღმოსავლეთი ალეპო, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. მეამბოხეებმა გასულ კვირაში წამოიწყეს მასშტაბური იერიში ალყის გასარღვევად. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 1 ნოემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთმა 16 დღით შეწყვიტა ავიაიერიშები რეგიონში. ეს ნაბიჯი მოჰყვა მკაცრ კრიტიკას რუსეთის მხარდაჭერით სირიის მთავრობის სამხედრო ოპერაციების მიმართ. ამასთან შოიგუმ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია დაადანაშაულა უუნარობაში, შეაჩეროს ექსტრემისტი მეამბოხეები.
ყველაზე პოპულარული
1