20 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამილა შაბაშვილი, საარჩევნო ბლოკ "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" (N19) წარმომადგენელი. მან აღნიშნა, რომ „მრეწველების“ მთავარი პრიორიტეტი უცვლელია და ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარება, რადგან თვლიან, რომ ამით შეიძლება ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც გაზრდის დასაქმებას და შესაძლებელს გახდის პენსიებისა და პედაგოგთა ხელფასების გაზრდას. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ ფაქტორებს, თამილა შაბაშვილი აღნიშნავს, რომ რთული იქნება საბაჟო პოლიტიკისა და ტარიფების შეცვლა, რადგან საქართველო არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ბევრ ქვეყანასთან, რაც მას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. „დილის საუბრების“ სტუმარი ხელშეწყობის სხვა გზებზე ლაპარაკობს, მაგალითად კონკურენციის კანონმდებლობის დაცვასა და კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაზე, რომ ახალ კომპანიებს შეეძლოთ ბაზარზე დამკვიდრება. თამილა შაბაშვილმა ახსნა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების საჭიროებაც. „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენელი სურსათის უვნებლობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სტანდარტები უნდა იყოს ერთნაირი როგორც ადგილობრივი მწარმოებლისთვის, ისე იმპორტიორისთვის. თამილა შაბაშვილმა განსაკუთრებით გამოყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის სტიმულაცია - სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის გზით. „არის წარმოების რამდენიმე ფაქტორი: შრომა, მიწა, კაპიტალი, მეწარმეობრივი უნარი და ინფორმაცია. სად გვაქვს ჩვენ სისუსტე? მიწა გვაქვს - მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ გაერთიანება შეიძლება; კაპიტალთან წვდომა პრობლემაა იმიტომ, რომ ძვირია. სახელმწიფო მუშაობს იაფ სესხებზე, მაგრამ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მეწარმეობრივი უნარი, რაშიც საჭიროა დახმარება და ინფორმაცია. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, თუნდაც იმაზე - რომელი პესტიციდი უნდა გამოიყენონ კონკრეტულ ნიადაგზე, კონკრეტული თესლის მოყვანისას“. სწორედ, ინფორმირებასა და ფერმერულ განათლებაში ხედავს თამილა შაბაშვილი სახელმწიფოს როლს. „მრეწველების“ წარმომადგენელი მნიშვნელოვნად თვლის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციაზე ზრუნვას. ის აგრეთვე თვლის, რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ბიო-პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა და დაიკავოს ეს ნიშა, მათ შორის - ევროკავშირის ბაზარზე. „ჩვენ არ ვერთვებით პენსიების მარათონში“, - აცხადებს თამილა შაბაშვილი, თუმცა, ის და მისისაარჩვნო ბლოკი თვლიან, რომ პენსია არ უნდა იყოს 100 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები. სტუმარმა ილაპარაკა „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ საგარეოპოლიტიკურ შეხედულებებზეც და განმარტა, როგორც „თავშეკავებული პოზიცია ნატოსთან მიმართებით. გინდათ უიმედობის მაღალი ხარისხი დაარქვით ჩვენი მხრიდან, მაგრამ რეალობას უფრო დავარქმევდი ამას, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი რეალურად აწყობილია საშინაო პოლიტიკასა და ქვეყნის ინტერესებზე“, - თამილა შაბაშვილის განმარტებით, მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გაძლიერება და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა. ნატოში ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, „მრეწველები“ ხედავენ ევროკავშირში ინტეგრაციის სარგებელს - „ნატო და ევროკავშირი სხვადასხვა თემაა“. საარჩევნო ბლოკის პროგრამაში ცალკეა გამოყოფილი გარემოს დაცვის საკითხი - თვლიან, რომ საჭიროა გარემოს დაცვის მერეგულირებელი სამსახურების გაძლიერება, ახალი კანონების მიღება, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებისა და მწვანე ეკონომიკის დანერგვის სტიმულირება.