14 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ჩუგოშვილი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" (N41) დეპუტატობის კანდიდატი. პარტიის პროგრამაზე საუბარი მან ეკონომიკის ნაწილით დაიწყო: "ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა არის სწორედ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ანუ ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ჰქონდეთ სამუშაო ადგილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ განათლება მისცენ თავიანთ შვილებს და ა.შ. ეს არის დღეს მთავარი. ამას გვეუბნებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, რომ ჩვენს რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში გავასწარით ყველა ქვეყანას, ძალიან წინ ვართ ამ მხრივ წასულები და ახლა მთელი ყურადღება გვჭირდება, მივაპყროთ სწორედ ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და განმარტა, რომ პარტიის ეკონომიკური პროგრამა მთლიანად ეყრდნობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოთხპუნქტიან გეგმას, რომლის მიზანია ოთხ წელიწადში 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა და ისეთი პროექტების დაწყება, რომლებიც უფრო გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.
თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა დაგეგმილი რეფორმის ოთხ მიმართულებაზე: ეკონომიკურ რეფორმაზე (გადასახადების შემცირება და ბიზნესის ოპერირების წესების გამარტივება), განათლების რეფორმაზე (ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი რესურსის შექმნის ხელშეწყობა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მათ შორის - მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის პროექტის განვითარება), მმართველობით რეფორმაზე (ბიუროკრატიის შემცირება და საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია) და სივრცით მოწყობაზე (ქვეყნის დაქსელვა ხარისხიანი საავტომობილო გზებით, ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის - ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა). რაც შეეხება სოციალურ დაცვას, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, თუმცა, დაიწყება მუშაობა მის მეტად ფოკუსირებაზე მეტი საჭიროების მქონე პირებზე.
თამარ ჩუგოშვილმა ილაპარაკა სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის დახვეწის საჭიროებაზეც. უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკის ნაწილზე საუბრისას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა: "ჩვენი პარტნიორები, ყველა ერთხმად საუბრობს იმაზე, რომ ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ანუ - თანმიმდევრული ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამავე დროს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან არის ერთადერთი სწორი საგარეო პოლიტიკა, რაც საქართველოსნაირმა ქვეყანამ იმ რეგიონში, სადაც ვართ და იმ მტრის მეზობლად, სადაც ვართ, შეიძლება აწარმოოს". თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ ამგვარმა პოლიტიკამ ქვეყანას მისცა დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვის საშუალება. საუბრის დასასრულს, გარემოს დაცვის თემაზე პარტიის პოზიციის წარმოდგენისას, სტუმარმა ხაზი გაუსვა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების, წყლისა და ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის სისტემის შექმნის, დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხებს.