8 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე, საარჩევნო ბლოკ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" (N 3) წარმომადგენელი. მან უბლოკო სტატუსის იდეაზე ილაპარაკა: "ჩვენ ვაცხადებთ, რომ უბლოკო სტატუსი ეს იქნება შესაძლებლობა, რომელიც დებულების დონეზე აისახება საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლში და რომლითაც საქართველო უარს იტყვის წევრობაზე რომელიმე საერთაშორისო, სამხედრო ალიანსის ან ბლოკისა, ასევე საქართველო უარს იტყვის, რომ მის ტერიტორიაზე 1991 წელს გაეროს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში განთავსდეს დროებით, ან მუდმივი დისლოკაციის ფორმატში რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო-შეიარაღებული ძალები.თუმცა, ეს არამც თუ არ გამორიცხავს, პირიქით - ცალსახად გვაძლევს შესაძლებლობას ინდივიდუალურ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ნებისმიერ უცხო სახელმწიფოსთან, ჩვენი სამხედრო, მათ შორის - მილიტარისტული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ შესაძლებლობა მოგვცემს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ თავისი სუვერენიტეტი განიმტკიცოს", - ასე განმარტა დიმიტრი ლორთქიფანიძემ უბლოკო სტატუსის იდეა. "დილის საუბრების" სტუმარმა უბლოკო სტატუსისა და ნეიტრალიტეტს შორის განსხვავებაზეც ილაპარაკა. დიმიტრი ლორთქიფანიძე იმედოვნებს, რომ "ეს არჩევნები იქნება განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ მრავალპარტიული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ასევე მონაწილეობა მივიღოთ მთავრობის ფორმირების საკითხში და კოალიციური მთავრობის პირობებში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მიღწევადი იქნება ეს მიზანი". გარემოს დაცვაზე ლაპარაკისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ ხასი გაუსვა მყარი ნარჩენების დიფერენცირებული მართვის, წყლისა და ჰაერის დაცვის, წიაღისეულის აუდიტის საკითხებს. ეკონომიკას რაც შეეხება, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს ბანკები "დაკავდნენ სწორედ პროფილური აქტივებით და არ ჩაყონ ცხვირი სხვადასხვა ბიზნესებში". სტუმარმა ილაპარაკა საგადასახადო პოლიტიკაზეც - "ჩვენ უნდა გადავიდეთ დიფერენცირებულ საგადასახადო სისტემაზე - უნდა დაიბეგროთ იმ პროპორციით, რა შემოსავალსაც ფლობთ". დიმიტრი ლორთქიფანიძე შეეხო პენსიის დაანგარიშების საკითხსაც: "ბაზა იქნება საარსებო მინიმუმი", რომელიც ახლებურად გამოითვლება და შემდგომში დაემატება შესაბამისი ფორმულით გამოანგარიშებული თანხა ნამუშევარი წლებისა და დამსახურების მიხედვით.