26 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მესამე სექტორის ჩართულობა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“. არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას მოუწოდებენ გააღრმაონ ინსტიტუციური რეფორმა და შეცვალონ საარჩევნო სისტემა, რომელსაც, სამოქალაქო სექტორის გარდა, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია აკრიტიკებს.
პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა მთავრობის სამომავლო გეგმების შესახებ საუბრით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანია ღია და გახსნილი საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე:
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში მმართველობა იყოს გამჭვირვალე, საზოგადოების ჩართულობა იყოს კიდევ უფრო მაღალი გადაწვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს გამჭვირვალობის ზრდას და ასევე მაქსიმალურ ჩართულობას და, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველა სამინისტრო დაკავებულია რამდენიმე პრიორიტეტული პროექტის შერჩევით, რისთვისაც გამოიყენება სამი ძირითადი კრიტერიუმი: რამდენად აქტუალურია საზოგადოებისთვის, თუ არსებობს შესაბამისი რესურსი და თუ არის თანხვედრა სახელმწიფო განვითარების სტრატეგიასთან. პრემიერ-მინისტრის თქმით, თითოეული სამინისტროსთვის შეირჩევა 3-5 პროექტი, რომლებიც შემდეგ აიკინძება მთავრობის პროექტების პორტფელად, საიდანაც, საბოლოოდ, ამორჩეული იქნება ხუთამდე პროექტი:
„ამ პროცესში ჩართული გვყავს საპარლამენტო წარმომადგენლობაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენთანაც გვექნება ამ პრიორიტეტების განხილვა და თქვენი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, საზგადოება იყოს ჩართული ამ პროცესში“.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგებობის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწაფად უნდა გაატაროს ინსტიტუციური რეფორები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში.
„პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ სასამართლო ხელისუფლება საჭიროებს ძალიან მაღალი დონის ყურადღებას და რომ იქ პრობლემები არის. ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს სასამართლოს მიმართულებით, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების სწორ ბალანსს უნდა ემყარებოდეს: ერთი მხრივ, არ უნდა შეილახოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების სწორად უზრუნველყოფა, იმიტომ რომ სასამართლოც ხელისუფლების შტოა და ისიც ანგარიშვალდებული უნდა იყოს კანონის და კონსტიტუციური პრინციპების წინაშე“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ანა ნაცვლიშვილმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს ასევე ურჩიეს რეფორმების გაგრძელება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. ამასთან, საზოგადოება ჩართული უნდა იყოს კანონპროექტების შემუშავების პირველივე ეტაპზე. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ყველა აქტუალურ სამართლებრივ საკითხს:
„ვისაუბრეთ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და დამატებით გასატარებელ რეფორმებზე, ასევე თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაფექტიანი გამოძიების პროლემაზე და, ზოგადად, რელიგიური უმცირესობებისა და მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხედვის საჭიროებაზე. ვისაუბრეთ ასევე სოციალური პოლიტიკის თემაზე, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაზე“.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის მეთაურს მიმართეს ასევე ელიტური კორუფციის შემთხვევებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დანაშაულებების გამოძიებისათვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნის ინიციატივით. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძვანელი ეკა გიგაური ამბობს, საუბარია როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, ასევე ანტიკორუფციული სამსახურის შექმნაზე, რომელიც ზუსტად მაღალი თანამდებობის პირების - მინისტრების, მათი მოადგილეების, გამგებლების და ა.შ. - საქმეებს გამოიძიებს და პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ მთავრობის მეთაური ერთი შეხვედრით არ შემოიფარგლება და თანმიმდევრულად გააუმჯობესებს ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძვანელის ანა ნაცვლიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.
„ამასთან, ინფორმირებული უნდა ვიყო, რა გაკეთდება შეხვედრიდან შეხვედრამდე. ასევე, ეს შეხვედრები უნდა გახდეს თემატური, რომ შევძლოთ სიღრმეებში ჩასვლა კონკრეტულ საქმეებში“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.