Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 3 ივნისი


დღევანდელი პრესა ეხმაურება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის 2 ივნისს გამოთქმულ ვარაუდს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება არ შედის ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში. „MAP -ზე კვლავ უარი გვითხრეს“ – „რეზონანსის“ პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. ავტორი პოლიტოლოგებს სთხოვს მერკელის განცხადების შეფასებას. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს: „მერკელის განცხადება ერთდროულად არის ცინიზმიც და პირფერობაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ ჩვენ 180 გრადუსით რუსეთისკენ შევტრიალდეთ. ჩვენს დიპლომატიას არასდროს ახასიათებდა ელასტიკურობა. ის ნაჯახივით არის - ან ძალიან პრორუსულია, ან ძალიან პროდასავლური. დაბალანსებული დიპლომატია კი რასდროს გვქონია და ამ მიმართულებით მუშაობა საჭიროა“. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი თვლის, რომ გერმანიის კანცლერის განცხადება გარკვეულ საფრთხეს ქმნის: „ქართველები სტრატეგიულად მოთმინებით არ გამოვირჩევით და ამიტომ რეალურად ამ ქმედებით იმის საფრთხე იქმნება, რომ პრორუსული ძალები გააქტიურდნენ. ეს შეიძლება მოხდეს როგორც პირდაპირი განცხადებებით, ასევე მათმა ნაწილმა შეიძლება ნეიტრალიტეტის შესახებ დაიწყოს საუბარი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა საქართველოს ამ დილემასთან და იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც დაწყებულია, მხარი აქტიური ნაბიჯებით დაუჭიროს“.

ქართულ პრესაში აქტუალურობას არ კარგავს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. „საქართველოს რესპუბლიკის“ მიმომხილველი წერს: „დიდი იმედი მაქვს, ჩვენი აფხაზი ძმები საკუთარ ისტორიას პოლიტიკური ინტრიგების სამსხვერპლოზე არ მიიტანენ. მიხვდებიან, რომ დიდ რუსეთს პატარა ეგზოტიკური „უგალოკი“ შავი ზღვის პირას დანარჩენი საქართველოს გარეშე ფეხებზე ჰკიდია, რომ ერთადერთი გზა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისკენ ქართველ ძმებთან საუკეთესო ურთიერთობების აღდგენა და მათთან ერთად ბრძოლაა“.

მთავრობის მოქმედებების შეფასება არის დღეს გამოქვეყნებული არაერთი ინტერვიუს თემა. „ახალ თაობას“ ნინო ბურჯანაძე უცხადებს: „“ქართულ ოცნებას“ თაობების წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, თუ რატომ გააცოცხლა „ნაცმოძრაობა“. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თავისი ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამსო“.

პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ეუბნება „ალიას“: „ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი შეცდომა არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს შექმნილი მონები გვერდში დაიყენა. მას ჰგონია, რომ ასეთი ადამიანები გაამაგრებენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თუ ირაკლი ღარიბაშვილი არაკომფორტულად გრძნობს თავს ამ კოალიციაში, საკითხი დგას ძალიან მარტივად. მან გზა უნდა გაუხსნას ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს“.

„ალიაში“ წაიკითხავთ აგრეთვე - „რატომ იმყოფებოდა ლალი მოროშკინა სამსაათიან დაკითხვაზე პოლიციაში?“. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ვაკის რაიონის პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დიმიტრი დარბაისლის მუქარების შესახებ: „მე ვითხოვ, რომ დიმიტრი დარბაისელმა დაწეროს ახსნა-განმარტება და ჩაიბაროს ოქმი, სადაც წერია მისი მუქარების შესახებ. დანარჩენი მოთხოვნები პროკურატურასთან მაქვს, სადაც ჩავაბარე ყველა დოკუმენტი. მე ერთი წუთითაც არ გავჩერდები. ძალიან დიდ პატივს ვცემ პრემიერ-მინისტრს, ძალიან დიდ პატივს ვცემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა არ უნდა მოახდინოს მთელი სისტემის დისკრედიტაცია“.

ისევ „ახალ თაობას“ მივუბრუნდები, რომლის პირველ გვერდზე ყურადღებას იქცევს სათაური-ციტატა - „ზურაბ ჟვანია, გია კრიალაშვილი და ზურაბ ირემაძე იარაღით ვაჭრობას შეეწირნენ“. გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ყოფილ პოლიტპატიმარ ტრისტან წითელაშვილთან, რომლის ადრინდელმა განცხადებამაც - კიევში „მაიდანზე“ ხალხს სააკაშვილის მიერ დაქირავებული სნაიპერებიც ხოცავდნენო, მიიქცია თავის დროზე პრესის ყურადღება. ახლა ტრისტან წითელაშვილი ამბობს: „ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაცია შედიოდა როგორც სააკაშვილის, ასევე თემურ ალასანიას, ერიკ გუდისის და სხვა იმ ადამიანების პირდაპირ ინტერესებში, რომლებიც ეწეოდნენ იარაღით კონტრაბანდულ ვაჭრობას საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოსთვის შეძენილი შეიარაღების გადაყიდვა ხდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირანი და სირია. იარაღის გასატანად მათ ფოთის პორტი და თბილისის აეროპორტი სჭირდებოდათ. ეს ობიექტები მათ კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა. დღის წესრიგში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასხვისების საკითხი დადგა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად გააქტიურდნენ თემურ ალასანია და ერიკ გუდისი. ზურაბ ჟვანიას მაშინ პრემიერის პოსტი ეკავა, ის აეროპორტის გასხვისების წინააღმდეგი იყო“, - ამ ვერსიას ტრისტან წითელაშვილი უზიარებს „ახალ თაობას“ და გია კრიალაშვილისა და ზურაბ ირემაძის სიკვდილსაც იარაღით უკანონო ვაჭრობაში ჩართულ პირებს უკავშირებს.
XS
SM
MD
LG