Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეტს უოლერი


ფეტს უოლერი
ფეტს უოლერი
21 მაისს ამერიკის მუსიკალური სამყარო - უფრო ზუსტად კი, პიანისტური საზოგადოება - გასული საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული მუსიკოსის, ტომას რაიტ უოლერის დაბადების ასმეათე წლისთავს აღნიშნავს. ეს მხიარული და სიცოცხლით სავსე მუსიკოსი ისეთი ჩასუქებულ-გაფუმფულებული იყო, რომ, ნაცვლად ნამდვილი სახელისა, „ფეტსის“ მეტსახელით გახდა ცნობილი. ისტორიაშიც ასევე ჩაიწერა: ფეტს უოლერი - ვირტუოზი პიანისტი, მომღერალი და რამდენიმე ათეული სვინგური თუ სტრაიდ-თხზულების ავტორი.

ფეტსის ბავშვობის წლებში ამერიკაში რეგტაიმი მეფობდა, რომელიც მეტწილად საფორტეპიანო მუსიკას წარმოადგენდა. ჰოდა, პატარაც საათების განმავლობაში ებრძოდა გამებს და მუსიკოსის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მეცადინეობა მამისგან მალულად, კონსპირაციულად უწევდა ხოლმე, რადგან ბაპტისტური ეკლესიის მოძღვარი შვილის ჯაზურ აღტკინებას თრგუნავდა და მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა. მშობლის ამგვარ ახირებას ორი მიზეზი ჰქონდა: ჯერ ერთი, გვარის გამგრძელებლის მომავალს არა ჰარლემური კლუბების სცენებს, არამედ ეკლესიის ამბიონზე მოღვაწეობას უკავშირებდა და, მეორეც, პრობლემას თავად „რეგტაიმის“, როგორც მუსიკალური ჟანრის, არსში ხედავდა. ამ მუსიკის ქვეშ ამერიკელ ახალგაზრდებს „კეიკუოკის“ ცეკვა უყვარდათ, ეს უკანასკნელი კი იმდენად გამომწვევი და ვნებით სავსე მოძრაობებით სრულდებოდა, რომ ავი სულებით შეპყრობილთა როკვად მიიჩნეოდა. ამგვარი გარემოებების მიუხედავად, პატარა ფეტსს მამის ნების წინააღმდეგ წასვლა არ გასჭირვებია: პირველი ჯანყისას დამწყებ პიანისტთა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ლაურეატი გახდა, შემდეგ ჰარლემური „ლინკოლნის თეატრის“ სცენაზე წარდგა მსმენელის წინაშე, ხოლო 14 წლის ასაკში საკუთარი სადებიუტო თხზულებაც შექმნა და მამასთან ბრძოლაში საბოლოოდ გაიმარჯვა.

ფეტს უოლერმა საყოველთაო აღიარება მალევე მოიპოვა, რაც ხელოვნების კიდევ ერთმა ფორმამ განაპირობა. მუნჯ კინოს ვგულისხმობ, რომლის სათქმელიც მუსიკამ გაახმოვანა და მაყურებელთან კომუნიკაციის დამყარებაში წაეხმარა. მოგეხსენებათ, რომ იმხანად უტყვი კინოკადრები შავ-თეთრმა კლავიშებმა აამეტყველეს, ხოლო ხმის რეჟისორები ე.წ. „ტაპიორი-პიანისტები“ ბრძანდებოდნენ. ცხადია, მუსიკალური აკომპანემენტის ხარისხს ინსტრუმენტალისტის დონეც განსაზღვრავდა: ხეირიანად უნდა დაეკრა, ვიზუალური ემოცია რომ უფრო გაემძაფრებინა. თანაც, რეგტაიმი იმპროვიზაციული, შესასრულებლად არც ისე მარტივი მუსიკა გახლდათ, რომელიც მთავარი რიტმული ხაზისა და მელოდიური აქცენტების ჯვარედინ თამაშს ეფუძნებოდა, ტექნიკური მხარის გარდა კი, სილაღესა და იუმორის გრძნობასაც მოითხოვდა. ჰოდა, ფეტსს არც ერთი აკლდა და არც მეორე. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ კინოსეანსი არტისტის სოლო კონცერტად იქცეოდა და კინოთეატრებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ ამ ფუმფულა მხიარული პიანისტის მოსახელთებლად. თუმცა არა მხოლოდ ისინი: ერთხელ ოთხმა განგსტერმა იარაღის მუქარით პირდაპირ სცენიდან გაიტაცა და ჩიკაგოს ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში მიაბრძანა. ასე აღმოჩნდა ალ კაპონეს დაბადების დღეზე, სადაც მთელი სამი დღის განმავლობაში მკვლელებისა და არამზადების სმენის საამებლად მოუხდა გარჯა.

დიახ, ფეტს უოლერი მრავალმხრივი არტისტი გახლდათ. გარდა ჯაზური მუსიკისა, კლასიკურ რეპერტუარსაც ასრულებდა. განსაკუთრებით ბახის თხზულებების ინტერპრეტირება უყვარდა. 1932 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც უნახავთ, კლასიკურ მილებიან ორღანზე რომ იმპროვიზირებდა. საკუთარ ნაწარმოებებს კი მხოლოდ „ჰამონდზე“ თხზავდა. თხზავდა და შემდეგ ყიდდა, ხოლო მისი შექმნილი ულამაზესი სვინგური თემებით მუდამ სხვები ხეირობდნენ. ფეტსი 1943 წლის 15 დეკემბერს 39 წლის ასაკში აღესრულა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG