Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანები ადამიანების წინააღმდეგ


ავტორი: ანა კვიჟინაძე

საქართველო მულტიკულტურული, მრავალკონფესიური ქვეყანაა. კულტურათა და რელიგიათა ურთიერთობა საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეებს ითვლის. სწორედ, ამიტომ ქართველებისაგან ხშირად გვესმის, რომ „ჩვენ ქართველი ერი ვართ“ ტოლერანტულები, შემწყნარებლები და ა.შ. როგორია ქართული ტოლერანტობა და ვის მიმართ არიან ქართველები შემწყნარებლები?
XXI საუკუნეში, ჩვენს თანამედროვეობაში, ეთნიკურად ქართველები ვერ ეგუებიან „სხვას“ უცხოს, განსხვავებულობის ნიადაგზე ხშირად ხდებიან მოძალადეები და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ განსხვავებული (რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკურად განსხვავებული ) ადამიანების „მოქცევას“ ქართულ „ყადიაზე“.
ბოლო რამდენიმე დღეა, ადამიანები უპირისპირდებიან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, მაგალითად ადამიანებს, რომლებიც ღიად საუბრობენ ინტიმურ საკითხებზე, საკუთარ ორიენტაციაზე, ღიად აფიქსირებენ აზრს, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების შესახებ. ფაქტია, რომ საზოგადოების უმრავლესობა ითხოვს ყველა ისე აზროვნებდეს და იქცეოდეს, როგორც უმრავლესობა აზროვნებს, ანუ მათ სურთ საზოგადოების ერთ სააზროვნო სივრცეში მოქცევა.
რას გულისხმობს ქართველობა?
იყო ქართველი ნიშნავს: ა) იყო მართლმადიდებელი, ბ) იყო შავგრემანი, გ) იყო ჰეტეროსექსუალი (ქართველი ჰომოსექსუალები არ არსებობენJ) დ) იყო ქალი-დედა ე) იყო მორჩილი მეუღლე ვ) გაამრავლო ქართველი ერი და ა.შ. ალბათ, კიდევ უამრავი სხვა სტერეოტიპი გაგვახსენდება სიტყვა „ქართველთან“.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სტერეოტიპული აზროვნების ტყვეობაშია. სტერეოტიპული აზროვნება და შიში განსხვავებულისა იწვევს იმას, რასაც ყოველ დღე ვხედავთ, ძალადობას, დამცირებას, უარყოფას და ა.შ.
ძალადობისა და დიფერენციაციის მიზეზი არის „ჩვენი“ იდენტობა. იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა.შ.)
ადამიანებს, რომელსაც აქვთ საერთო ენა, რელიგია, კულტურა, წეს-ჩვეულებები, ტერიტორია და ა.შ. აქვთ საერთო იდენტობა, სწორედ საერთო იდენტობა ხდება საფუძველი „წარმოსახვითი საზოგადოების“ შექნისა, რომელიც შემდგომ უპირისპირდება უმცირესობაში მყოფ ადამიანებს.
იმისთვის, რომ „ჩვენ“ ჯგუფმა იარსებოს აუცილებელია „სხვისი“ არსებობაც. იდენტობა გულისხმობს, როგორც მსგავსებას ასევე განსხვავებას. ადამიანები ვერ გავაცნობიერებთ ჩვენს მსგავსებას თუ არ არსებობს ჩვენგან განსხვავებული ადამიანი. ქართველებს ხშირად ავიწყდებათ, რომ განსხვავებულობა ამყარებს ჩვენს არსებობას, ჩვენს იდენტობას.
იდენტობის შენარჩუნებაზე ფიქრი და გამძაფრებული განცდა იდენტობისადმი იწყება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანს ან ერს „იდენტობის კრიზისი“ აქვს. ვფიქრობ ქართველ ერს, ახლა, სწორედ იდენტობის კრიზისი აქვს, რაც ხდება დაპირისპირების მიზეზი, ხოლო სახელმწიფოში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კულტურულ, რელიგიურ და ა.შ. მრავალფეროვნებას, რა თქმა უნდა, საფრთხე ექმნება.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმე ამერიკაში კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუმრობისას სტუდენტის კითხვას, რომელიც ლგბტ თემს ეხებოდა უპასუხა, რომ მივიღებთ კანონს, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს. მხოლოდ კანონის მიღება საკმარისი არ არის დავიცვათ უმცირესობათა „სხვა“ იდენტობის მქონე ადამიანების უფლებები, ამისათვის საჭიროა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. მაშინ, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა, ვერ და არ აცნობიერებს მულტიკულტურულ, მრავალფეროვან გარემოში ცხოვრების აუცილებლობას, რთულია ისაუბრო ადამიანების უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს მხრიდან.
ბოლო რამდენიმე დღეა, კამათი არ ცხრება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, კანონის მიღებას ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნახევარზე მეტი, აღნიშნული ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სურს, ხელი შეუწყოს ძალადობას, ხელი შუწყოს საზოგადოების დიფერენციაციასა ჩვენ და სხვა ჯგუფებად.
პრობლემების მცირე ჩამონათვალიც კი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ქვეყანაში, იდენტობის კრიზისთან ერთად, განათლების კრიზისია.
საჭიროა მულტიკულტურული, ინტერკულტურული სწავლების დანერგვა, რომელიც აღმოფხვრის განსხვავებულობის ნიადაგზე წარმოქმნილ დაპირისპირებებს. ადამიანები გააცნობიერებენ, რომ „ყველა ადამიანს აქვს უფლება“ და „ყველა ადამიანი თანასწორია“, მიუხედავად, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და ა.შ. კუთვნილებისა, ანუ იდენტობისა. განათლება, რომელიც მსგავს პრინციპებზე იქნება დაფუძნებული მოგვცემს საშუალებას თავი დავაღწიოთ სტერეოტიპულ აზროვნებას, სტერეოტიპების ტყვეობისაგან თავისუფალი საზოგადოება კი არის საფუძველი ლიბერალური, საღად მოაზროვნე საზოგადოების ფორმირებისა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG