Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი სკოლის პრობლემა?


53-ე საჯაროს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია
53-ე საჯაროს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია
თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს - მოთხოვნა კი იქნება განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სკოლის შემოწმების შედეგად გამოქვეყნებული დასკვნის გაუქმება, რადგან, როგორც მარიამ რამინაშვილი განმარტავს, დასკვნა არ ემყარება წარდგენილი დოკუმენტაციის სწორ ანალიზს და, შესაბამისად, ის არ შეიძლებოდა გამხდარიყო დირექტორის გათავისუფლების საფუძველი. სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს, თამარ სანიკიძე კი გადაწყეტილების გადახედვას არ აპირებს.

თბილისის 53-ე საჯაროს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, კერძოდ, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ყოფილმა მოადგილემ, შორენა გამყრელიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაგვიმყარდა რწმენა, რომ მინისტრის გადაწყვეტილება, სკოლის დირექტორი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა, შეცდომა იყოო:

„ჩვენ დავრწმუნდით, რომ ქალბატონი თამარი ენდო მხოლოდ ამ დასკვნას - მას არ უნახავს ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც დაიწერა ეს გადაწყვეტილება. ამ დასკვნაში არც ერთ ხაზში არსად არ წერია სიტყვა „ბიუჯეტის გაფლანგვა, მითვისება“ და ისეთი ტერმინები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. მხოლოდ ერთ ადგილას არის სიტყვა „გარღვევა“.
თქვენ რომ ნახოთ დოკუმენტაციები, მაქსიმუმ 5-6-დღიანი ვადაა დარღვეული გადახდიდან გადახდილი თანხის შემოსვლამდე და დღესდღეობით სკოლას ასეთი სხვაობა ბიუჯეტის ზარალთან დაკავშირებით ნული აქვს...
მარიამ რამინაშვილი

შორენა გამყრელიძის სიტყვებით, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციისგან მათ მუქარაც მოისმინეს, ვინც ხმას ამოიღებს, ყველა გათავისუფლებულ დირექტორს მიჰყვებაო:

„თუ ვინმე შეუერთდება ამ პროტესტს, მიჰყვება მარიამსო - აი, ამ სიტყვებით გვითხრეს და ჩვენ აღარ გვინდა ასეთი სიტყვების მოსმენა საქართველოში“.


სკოლის დირექტორის გათავისუფლებას პედაგოგთა და მოსწავლეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია, ხუთშაბათს კი სკოლაში ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა მივიდეს. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ახალ დირექტორს სასწავლო პროცესის წარმართვაში ხელს არ შეუშლიან.

როგორც 53-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან ნიჭარაძე ამბობს, სკოლის დირექტორის „წინააღმდეგ ნაღმი“ ჯერ კიდე ერთი წლის წინ იყო ჩადებული, როდესაც, ერთ-ერთი პედაგოგის მიზეზით, ლამის ჩაიშალა ბიოლოგიის გამოცდის პროცესი, რის გამოც სკოლამ გაფრთხილება მიიღო. წლის განმავლობაში ორი გაფრთხილება დირექტორის სკოლიდან გათავისუფლების წინაპირობაა:

„ამიტომაც, მიზანმიმართულად, სწორედ მაშინ შემოვიდა გენინსპექცია შესამოწმებლად, რომ გაემზადებინათ მეორე გართხილება - დაასწრეს 13 აპრილს, როცა გადიოდა ვადა, ანუ ერთი წელი“.

ქეთევან ნიჭარაძის თქმით, განათლების მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს და ის საქმის ვითარებაში არ არის გარკვეული.

სკოლის გათავისუფლებული დირექტორის, მარიამ რამინაშვილის განმარტებით, გენერალური ინსპექციის დასკვნაში საუბარია სკოლაში არსებული გარკვეული ფართის იჯარით გაცემის პირობების შეუსრულებლობაზე. სკოლაში ამჟამად 24 საიჯარო ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომლის გარეშეც, რამინაშვილის თქმით, სკოლის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან ბიუჯეტის 70% მხოლოდ ხელფასებს ჰყოფნის. გენერალური ინსპექციის 24-გვერდიან დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სკოლას დარღვეული აქვს ფართის იჯარით გასაცემად გასამართი აუქციონის 5-დღიანი საქმის წარმოების ვადები. ამასთან, მოიჯარეები არღვევდნენ თანხის გადახდის ვადებს, ვადის გადაცილების გამო სავალდებულო ჯარიმის ნაწილი არ იყო გადახდილი ხაზინისთვის, თუმცა, როგორც რამინაშვილი განმარტავს, ამ თანხებს ისინი მოგვიანებით მაინც იხდიდნენ და ამიტომ ხაზინა არ ზარალდებოდა. რაც შეეხება სკოლის საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ გამოყენებას, რაც მოიჯარეების მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის დაგვიანებასთან იყო დაკავშირებული, მარიამ რამინაშვილი ასე ხსნის:

„ვთქვათ, მოიჯარემ არ გადაიხადა, მე უნდა ჩამიჭრან დენის წყარო, რითაც ზარალდება სკოლა. შესაბამისად, მე ვიხდი ბიუჯეტიდან, - არ უნდა გადავიხადო, მაგრამ ვიხდი, - თუმცა თქვენ რომ ნახოთ დოკუმენტაციები, მაქსიმუმ 5-6-დღიანი ვადაა დარღვეული გადახდიდან გადახდილი თანხის შემოსვლამდე და დღესდღეობით სკოლას ასეთი სხვაობა ბიუჯეტის ზარალთან დაკავშირებით ნული აქვს. უბრალოდ, ხდება დასწრება, ბიუჯეტიდან მოხდა კომუნალური გადასახადების გადახდა და მოგვიანებით - ზოგჯერ ერთი დღით გვიან, ზოგჯერ 6 დღით გვიან - იხდის მოიჯარე კომუნალურ გადასახადებს“.

მარიამ რამინაშვილის განმარტება, რომ ეს არის პროცესი, რომელშიც არავინ ზარალდება, მისაღები არ არის განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის. თამარ სანიკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ განკარგვაზე პასუხისმგებელია ყველა, იმას კი, თუ რა ზარალი მიადგა ბიუჯეტს, პროკურატურა შეისწავლის, სადაც გადაგზავნილია კიდეც გენერალური ინსპექციის დასკვნა:
თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე
„თითოეული ფაქტი არის დადასტურებული. არავის აქვს სკოლის, საჯარო სკოლის, და საზოგადოებრივი დოვლათის პირადი მიზნებით გამოყენების უფლება და თითოეული ჩვენგანი - და არა მარტო სკოლის დირექტორი - პასუხისმგებელია ყოველი ლარის მიზნობრივად დახარჯვაზე, რომელიც მოდის ბიუჯეტიდან და რომელიც არის ხალხის ფული და რომელიც უნდა მოხმარდეს სკოლას და რომელიც უნდა მოხმარდეს მოსწავლეს. და თუკი ვინმე რაიმეს არ ეთანხმება, ამისთვის არსებობს გზები, არსებობს სასამართლო, გაასაჩივრონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა. მანამდე არავითარი გადაწყვეტილება არ შეიცვლება“.

53-ე სკოლის ადმინისტრაცია კი დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევას აპირებს. ამასთან, მიმართვის ტექსტს გაუგზავნიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG