Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეშინია ნახმარი საბურავების


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „პრაიმ-ტაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მოაწყოს დესტაბილიზაცია და დაამხოს ხელისუფლება. მინისტრის თქმით, მიზნის მისაღწევად ოპოზიცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების საქართველოში გადმოტანას და ე.წ. ევრომაიდნის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც უკრაინიდან უკვე ჩამოიყვანეს ევრომაიდნის აქტივისტები და შეისყიდეს საბურავები. რას ეფუძნება შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაცია და რა გამოხმაურება მოჰყვა მას?

ვრცელ ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა „პრაიმ-ტაიმმა“ 7 აპრილს გამოაქვეყნა, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სურვილი ჩემოაყალიბოს ზონდერჯგუფები და მოახდინოს წარსულში კრიმინალსა და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება, რათა გამოიწვიოს ქვეყანაში აურზაური და სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზება. და კიდევ:

„მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები. ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ“.
ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ჭიკაიძე არის რუსული პროპაგანდის ტყვეობაში. ის ფიქრობს, რომ ევრომაიდანი იყო უარყოფითი მოვლენა. პირიქით, ეს იყო მოვლენა, რომლითაც უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული მომავლისთვის იბრძოლა...
მიხეილ მაჭავარიანი

ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა და ხელისუფლების შეცვლა. ინტერვიუს მიხედვით, მინისტრს აქვს ინფორმაცია, რომ ეს სცენარი შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეული ნიადაგი არჩევნებამდეც მოსინჯონ. ალექსანდრე ჭიკაიძის ამ განცხადების კომენტირება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს, ვთხოვეთ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ჭიკაიძე არის რუსული პროპაგანდის ტყვეობაში. ის ფიქრობს, რომ ევრომაიდანი იყო უარყოფითი მოვლენა. პირიქით, ეს იყო მოვლენა, რომლითაც უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული მომავლისთვის იბრძოლა და მეორე მხარეს იყო „ბერკუტი“ და რუსული სპეცსამსახური. ძნელია სერიოზული ლაპარაკი ამ საკითხზე. რა საბურავების შეძენა! პირიქით, ოფისში მდივნები გვეხვეწებიან საბურავები შევიძინოთო, მაგრამ არ ვყიდულობთ, არჩევნებისთვის ვემზადებით, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი თანხმა გვქონდეს რეკლამისა და კოორდინატორებისათვის. რა საბურავები, რის საბურავები!“ - უთხრა მიხეილ მაჭავარიანმა რადიო თავისუფლებას.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუდან კარგად ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მთავრობა და მისი ფორმალური ლიდერი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებას ავალებს. „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი აქტიური წევრი, ზურაბ ჯაფარიძე, ამბობს, რომ ძნელია ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუზე სერიოზული კომენტარის გაკეთება:
ასეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა ქართულ მედიაში. არანაირი უარყოფა მათი სინამდვილისა არ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ავითარებს რაიმე ტიპის ცილისწამების შემცველ თემას...
სოსო ცისკარიშვილი

„ასეთ განცხადებებს რომ აკეთებს, როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა შეამოწმონ, ხომ არ მოიხმარს ის მსუბუქ ნარკოტიკებს. ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაფაროს ის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დაგროვდა უკანასკნელ პერიოდში. როგორც ჩანს, „ჰაკიმ ფაშამ“ (იგულისხმება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი) დაავალა ამ განცხადების გაკეთება. ცხადია, ეს არის აბსურდი, სისულელე! არანაირი მაიდნისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ მზადება არ სჭირდება. მეტიც, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას მაიდანი და მსგავსი რაღაცები არ სჭირდება, ისედაც სწრაფი ტემპით მიექანებიან დაღმართზე“.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისაგან“ განსხვავებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამს მეტი სერიოზულობით ეკიდება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის თქმითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებულია მაიდნის მოწყობით და მიხეილ სააკაშვილიც საეჭვოდ დიდხანს დარჩა კიევში:

„ასეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა ქართულ მედიაში. არანაირი უარყოფა მათი სინამდვილისა არ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ავითარებს რაიმე ტიპის ცილისწამების შემცველ თემას, ამჯერად კი რატომღაც მოიყრუეს“.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია საბურავებისა და კარვების შეძენაზე, 300-400 კაცის მობილიზებაზე, საინტერესოდ არ მიაჩნია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორს, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს, რომლის აღშფოთება გამოიწვია ინტერვიუს სულ სხვა ნაწილმა:

„ჩემთვის მნიშვნელოვანი და სამწუხარო არის ის, რომ ხდება ევრომაიდნის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება. ეს არის ძალიან მძიმე და დამაფიქრებელი ამბავი. და კიდევ: გაუგებარია ჩემთვის, რა საფუძველზე უნდა მოაწყოს ვინმემ, თუნდაც „ნაცმოძრაობამ“, მაიდანი, თუკი სახელმწიფო არ აპირებს გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის კურსს. რატომ შეიძლება გამოვიდეს ხალხი ქუჩაში და რატომ შეიძლება მოაწყოს „ევრომაიდანი“ - იმიტომ, რომ მთავრობა უარს იტყვის ევროკავშირზე? ეს გვითხრას, დაასრულოს სათქმელი“, უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრს დამატებით განმარტებები აღარ გაუკეთებია. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კი მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ მისი უწყება არ ფლობს ინფორმაციას უკრაინელი აქტივისტების საქართველოში ჩამოსვლისა და ე.წ. „ევრომაიდნის იმპორტის“ შესახებ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG