Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
twitter

8 მარტი - ყვავილების მირთმევისა და უფლებების დაცვის დღე?


8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე - ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა მსვლელობით და ქალებისთვის შრომის უფლების რეალიზაციაზე საუბრით აღნიშნა. გენდერული კვირეულის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოფენა მიუძღვნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს. როგორ არის დაცული და სად ირღვევა ყველაზე მეტად ქალთა უფლებები?

„ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის დღე და ეს არ არის პატივისცემის გამოხატვისა და ყვავილების ჩუქების დღე“, - თქვეს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებმა და ფილარმონიის შენობასთან დაფდაფებზე დარტყმით შეეცადნენ გაეგონებინათ ყველასთვის, რომ ქალების შრომის უფლების დასაცავად იყვნენ შეკრებილები. წვიმიან 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს - მათ მსვლელობა თბილისში პარლამენტის შენობასთან დაასრულეს.

ქალს თავისი სქესის გამო შეიძლება შეექმნას პრობლემა და მთავარი ბარიერი გახდეს სქესი სამსახურშ აყვანის დროს. ინტერვიუს დროს როდესაც ინტერესდებიან ოჯახური სტატუსით...
იდა ბახტურიძე
ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრის იდა ბახტურიძის თქმით, მოუხედავად იმისა, რომ 8 მარტი სწორედ ქალთა შრომის უფლების გარანტიების შექმნისათვის დაწესდა, ერთი საუკუნის შემდეგაც კი შრომითი ბაზარი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა ქალთა უფლებები:

„ქალს თავისი სქესის გამო შეიძლება შეექმნას პრობლემა და მთავარი ბარიერი გახდეს სქესი სამსახურშ აყვანის დროს. ინტერვიუს დროს როდესაც ინტერესდებიან ოჯახური სტატუსით, იმით, აპირებს თუ არა შვილის ყოლას ან თუ ჰყავს შვილები, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მთავარი ბარიერი სამსახურის დაწყების დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალისა და მამაკაცის შემოსავალი ერთი და იგივე პოზიციაზე განსხვავებულია. დღეს გვაქვს ეს რეალობა და ეს პრაქტიკა“.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების საკითხი მეტ-ნაკლებად რეგულირებულია, აქციის მონაწილე ბაია პატარაიას თქმით, კერძო სექტორში დასაქმებული ქალები, როგორც წესი, გვხვდებიან დაბალ სამუშაო რგოლში და ძალიან ცოტაა მენეჯმენტის მაღალ საფეხურზე მყოფ ქალთა რაოდენობა.

„კარიერულ ზრდაში ქალებს სერიოზული ბარიერები ექმნებათ და ყოველთვის კაცს ენიჭება უპირატესობა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალები, დაახლოებით, 12 %-ით არიან წარმოდგენილი როგორც საჯარი სექტორში, ასევე პოლიტიკაში და ესეც სერიოზული პრობლემაა. საუბარია ე.წ „შუშის ჭერზე“, ანუ ბარიერზე, რომელიც არსებობს გენდერულ დონეზე შრომით ურთიერთობებში. ასევე ფეხმძიმე ქალისთვის წარმოუდგენელია სამუშაოს შოვნა, არავის არ აჰყავს ფეხმძიმე ქალი სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით ლაპარაკობენ საქართველოში იმაზე, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს“.

ქალთა და მამაკაცთა შრომის საშუალო ანაზღაურებას შორის განსხვავება არის 43% და ამ შემთხვევაში რაიმე სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, რომლის მეშვეობითაც ქალები შეძლებდნენ საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვას...
თათული თოდუა
აქციის მონაწილე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივნის თათული თოდუას თქმით, შრომის ბაზარზე ქალთა დისკრიმინაციულ მდგომარეობას საქსტატის მონაცემებიც მოწმობს, რაც შრომის ანაზღაურების უთანაბრობით გამოიხატება:

„ქალთა და მამაკაცთა შრომის საშუალო ანაზღაურებას შორის განსხვავება არის 43% და ამ შემთხვევაში რაიმე სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, რომლის მეშვეობითაც ქალები შეძლებდნენ საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვას, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით“.

თათული თოდუას თქმით, შრომის ბაზარზე არსებული დისკრიმინაციული გარემოს გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელზე მუშაობაც იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო და რომლის კანონად ქცევა დღემდე ვერ მოხერხდა.

სამუშაო უფლების რეალიზაციის პარალელურად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გენდერული კვირეულის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, სადაც ქალთა მიმართ განხორციელებულ ყველა სახის ძალადობაზე იყო საუბარი, ირინა ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერმა, განაცხდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მწვავედ დგას ძალადობის გამჟღავნების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

ირინა ჯაფარიძის სიტყვებით, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე დაფარული თემაა და მის მასშტაბებზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაა შესაძლებელი:

ყველა ბენეფიციარზე განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ძალადობა. მათი უმრავლესობა განიცდიდა ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას...
ირმა ალადაშვილი
„ყოველი მე-11 ქალი, რომელიც როდესმე ყოფილა ქორწინებაში, გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი - ეს, 2009 წლის კვლევის მიხედვით. შემდგომ, შედარებით მცირემასშტაბიან, კვლევებში, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა, აღნიშნულია, რომ ყოველი მე-5 ან ყოველი მე-3 ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. თუ შევადარებთ გლობალურ მონაცემებსაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მონაცემები უფრო ახლოს არის სინამდვილესთან . გამოკითხვების პრობლემა ის არის, რომ ხშირად რესპონდენტები მალავენ ან ვერ აცნობიერებენ, რომ არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი“.

ოჯახში ძალადობის აღკეთის შესახებ კანონი საქართველოში 2006 წელს მიიღეს და 2009 წლიდან დაიწყო მომსახურების დანერგვა. ირმა ალადაშვილი, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ დღესდღეობით არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამი თავშესაფარი. თბილისში, გორსა და ქუთაისში განთავსებულ თავშესაფარს ერთდროულად 60 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. დღეს, გორის გარდა, ორი თავშესაფარი მთლიანად შევსებულია.

„ყველა ბენეფიციარზე განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ძალადობა. მათი უმრავლესობა განიცდიდა ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას. გვყავს ბენეფიციარები, რომელთა მიმართაც განხორციელებულა სექსუალური ძალადობა“.

ირმა ალადაშვილის თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანუ 3-დან 10-თვემდე ვადის განმავლობაში, უბრუნდება თავის ოჯახს, ერთეულები კი საშველად ისევ თავშესაფარს აკითხავენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG