Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუბარი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარებაზე


შტეფან ფიულე და მაია ფანჯიკიძე
შტეფან ფიულე და მაია ფანჯიკიძე
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დღისწესრიგზე მუშაობას მარტის ბოლოსთვის დაასრულებს, ხელშეკრულებას კი ხელი, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს მოეწერება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ. ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარებაზე იყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროსაც. ამასთან, შტეფან ფიულემ იმ კონკრეტულ სარგებელზეც ილაპარაკა, რასაც საქართველოს თითოელი მოქალაქე მიიღებს ხელშეკრულების გაფორმებით.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფიულეს ვიზიტი საქართველოში „წარმოადგენს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირებას საქართველოსადმი“, - განაცხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მაია ფანჯიკიძის თქმით, ევროპული პერსპექტივის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ პარტნიორების რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უკრაინაში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით:

„განვიხილეთ ასოცირების დღისწესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებები და შევთანხმდით, რომ დროულად უნდა შეთანხმდეს დოკუმენტის ტექსტი, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის. როგორც იცით, ეს დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად სამოქმედო გეგმას შეთანხმების განხორციელებისა და მისი სრულად ძალაში შესვლისთვის მომზადების თვალსაზრისით. ევროკომისარს დავუდასტურეთ მზაობა შევასრულოთ არსებული ვალდებულებები და გარდავსახოთ ისინი კონკრეტულ ქმედებებში ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“.

ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში, შეშფოთების საგანია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რუსეთის მხრიდან გამოწვევის საგნად რჩება, მათ შორის, ბარიერების აღმართვითა და სამხედრო კონსტრუქციებით, რაც ხელს უშლის ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, ახლო ურთიერთობას...
შტეფან ფიულე
მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, მათ შორის, სოჭის ოლიმპიადის დასრულებისთანავე მავთულხლართების გავლების განახლებაზე და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მხრადაჭერას, მის მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების თვალსაზრისით; ამასთან, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების პროცესს.

თავის მხრივ, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფიულეს განცხადებით, ევროკავშირისთვის კვლავ შეშფოთების საგანია, უკრაინის პარალელურად, რუსეთის ქცევა საქართველოშიც.

„ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში, შეშფოთების საგანია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რუსეთის მხრიდან გამოწვევის საგნად რჩება, მათ შორის, ბარიერების აღმართვითა და სამხედრო კონსტრუქციებით, რაც ხელს უშლის ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, ახლო ურთიერთობას. ჩვენ ამ გარემოებაზე არ უნდა შევწყვიტოთ ფოკუსირება იმ დროს, როცა ყურადღება მიპყრობილი გვაქვს უფრო დასავლეთით მიმდინარე მოვლენებისადმი. რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პატივი სცეს თავისი მეზობლის, საქართველოს, სუვერენიტეტს“.

საგარეო საფრთხეებს შეეხებოდა საუბარი ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საგარეო საფრთხეებზე საუბრის გარდა, შტეფან ფიულემ ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში ჩამოთვალა ის სარგებელი, რასაც ქვეყნის თითოეული მოქალაქე მიიღებს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ხელმოწერით: ეს იქნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ანაზღაურება, მეტი ინვესტიცია, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში, დაცული გარემო და უფლებები.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია უამრავ კინოფილმს იღებს ანტიევროპული მიზნებისთვის, რომ ევროპული იდეის და ევროინტეგრაციის იდეის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს, როგორც ჩანს, რაღაცნაირად ვრცელდება ჩვენს ეკლესიაშიც...
კახა გოგოლაშვილი
შტეფან ფიულემ სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოში ბევრი დაუსაბუთებელი მითი არსებობს ასოცირების შესახებ დოკუმენტის გარშემოო. მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ამის თავს მოხვევას. არაფერი ასეთი ხელშეკრულებაში არ არსებობს, ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას და დასავლეთის სურვილი არ არის საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოსო. საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები აქვს და ამის არავის უნდა ეშინოდესო, - განაცხადა ფიულემ.
უფრო ადრე კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, დასძინა, რომ ის საქართველოს პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე დაარწმუნებს მას, რომ ევროპული ღირებულებები წინააღმდეგობაში არ მოდის ქართულ ტრადიციულ ღირებულებებთან:

„როგორც აღვნიშნე, დღეს ჩვენ ვხვდებით საქართველოს პატრიარქს. ევროკავშირის სახელით, მე დავარწმუნებ მას, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია. რასაც მხარს ვუჭერთ, გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები: ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა“.

სწორედ ევროპულ ღირებულებებთან მიმართებით შიდასამოქალაქო კონსოლიდაცია არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტიც კი საქართველო-ევროკავშირის დაახლოების გზაზე, ფიქრობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. ამ თვალსაზრისით, მისთვის შემთხვევითი არ არის, რომ საგარეო საფრთხეებზე საუბრისას ევროკომისარი ლაპარაკობს საქართველოს საზოგადოებისთვის მისაღებ სარგებელსა და ღირებულებათა სიახლოვეზე. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს აქ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და შესაბამისადაც გამოყო ის შტეფან ფიულემ, ვინაიდან ქართულ ეკლესიაში ვრცელდება რუსული ეკლესიის გავლენები, რომელიც გადაეცემა მრევლს:

„არავისთვის დასამალი არ არის, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია უამრავ კინოფილმს იღებს ანტიევროპული მიზნებისთვის, რომ ევროპული იდეის და ევროინტეგრაციის იდეის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს, როგორც ჩანს, რაღაცნაირად ვრცელდება ჩვენს ეკლესიაშიც და ჩვენს მრევლშიც. ალბათ, ფიულეს მიზანი იქნება უწმინდესთან შეხვედრისას, მაქსიმალურად შეეცადოს დაარწმუნოს ის, რომ საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია და ურთიერთობა იმ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობაზე და დაახლოებაზე არის გათვლილი და საჭიროა მეტი ინფორმაციის მიღება და სწორი ინფორმაციის მიღება და სწორი ქადაგება და სწორი ინფორმაციის გადაცემა მრევლისთვის“.

შესაბამისად, კახა გოგოლაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ევროინტეგრაციის აუცილებლობის ახსნა სწორედ გარე საფრხეების ნიველირებასაც ემსახურება, რაზეც ევროკავშირი სულ უფრო მეტად გაამახვილებს ყურადღებას.

შტეფან ფიულე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროინტეგრაციის საკითხებში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ხელი მოაწერა ევროკავშირის მხრიდან 21 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შესახებ ხელშეკრულებას. ეს თანხა მოხმარდება საჯარო ფინანსების, პოლიტიკისა და მართვის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მოხმარდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის ინსტიტუციურ გაუმჯობესებას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG